Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მუნიციპალური ტრანსპორტი და თბილისის მერობის კანდიდატები

59c8fac0b8ca2
ანი ჯოხაძე
25.09.17 16:46
958
ადგილობრივი თვითმმართველოის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. მერობის კანდიდატები სულ უფრო აქტიურად წარუდგენენ თავიანთ ხედვებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობას. „საქმის კურსმა“ მერობის კანდიდატებს ერთ-ერთი პრობლემატური საკითხის, - მუნიციპალური ტრანსპორტის ,- შეფასება სთხოვა.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ხაზს უსვამს მინუციპალური ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ამ მიზნით იგეგმება მანქანების ტექ-დათვალიერების სისტემის შემოღებაც, რომელსაც მისი არჩევის შემთხვევაში მერია მხარს დაუჭერს.

"ვაპირებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, მეტროს რეაბილიტაციას, ასევე მხარს დავუჭერთ ტექ-დათვალიერებასაც თუ ამ გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს”, - აცხადებს კალაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მერად მოსვლის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრასპორტის რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იქცეს ავტომობილის ალტერნატივად თბილისში. თბილისელს უნდა ერჩივნოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ვიდრე საკუთარი მანქანით. ეს მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტის რაოდენობა გაიზრდება და ტრანსპორტი იქნება კომფორტული”-ამბობს უდუმაშვილი.

ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია კი ერთ-ერთ მოწინავე ტრანსპორტად ტრამვაისა და საბაგიროების წამოწევას აპირებს.

"ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ავტოპარკი. შესაძლებელია ტრამვაის შემოყვანაც. ქალაქის სრულად მეტროთი მოცვა ძალიან ძვირი იქნება, ამიტომ ჩვენ უნდა შემოვიყვანოთ ტრამვაი ქალაქში და საბაგიროების როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება უნდა მოვახდინოთ სწორ ადგილებში”, - აცხადებს ხოშტარია.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კი დღევანდელ მუნიციპალურ ტრანსპორტს “ღირსების ამყრელად” მოიხსენიებს. მისი პრიორიტეტული მიმართულებაც კერძო ავტომობილების შემცირება და მუნიციპალური ტრანსპორტის კომფორტულ სატრასპორტო საშუალებად გადაქცევაა.

"ჩემი მთავარი მიზანი არის რომ ქალაქში განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ეს ტრასპორტი იყოს არა ისეთი როგორიც დღეს არის სამარშუტო ტაქსები - ღირსების ამყრელი და წვალების მომტანი; კომფორტული, მოხერხებული, ცივილიზებული, თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს, იმისთვის, რომ მანქანით ქალაქში გადაადგილების მაჩვენებელი შემცირდეს“ - ამბობს ელისაშვილი.