Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერებთან შესახვედრად რეგიონული ტურნე დაიწყო

59267d51cef4a
BM.GE
25.05.17 10:43
716
რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ფერმერთა ასოციაციის წევრ და არაწევრ ფერმერებთან შეხვედრის ძირითადი მიზანი ფერმერთა სათათბიროს ფორმირების საკითხი, ამ ორგანოში წევრობისათვის დელეგატთა შერჩევა და იმ პრობლემების განხილვაა, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ფერმერებს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ ფერმერებს სათათბიროს დაფუძნების ძირითადი მიზანი გააცნო.

ფერმერთა ინტერსების უკეთ დასაცავად და საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოაყალიბოს ფერმერთა სათათბირო ორგანო, რომელიც გახდება ანგარიშგასაწევი ძალა მთავრობის მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, რომელიც უშუალოდ ეხება ფერმერთა საქმიანობას, მათი, როგორც მცირე მეწარმეების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარების ხელშეწყობას.
ევროპის სოფლის მეურნეობის ასოციაციების და კოოპერატივების გაერთიანება Copa-Cogeca-ს კონსულტანტის რეკომენდაციების საფუძველზე ასოციაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ სათათბიროს შემადგენლობაში შეიყვანოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. სათათბირო იქნება 120 ფერმერისგან დაკომპლექტებული ორგანო.

თოთოეული მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იქნება ორი წევრით, რომელთაგანაც ერთს დაასახელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭო, მეორეს კი - თავად საბჭოს მიერ შერჩეული წევრი.

გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭოს მიერ სათათბიროს წევრობაზე არჩეულმა პირმა უნდა დაასახელოს საწინააღმდეგო სქესის მეორე წევრი.

საბოლოო გადაწყვეტილებას სათათბიროს წევრობის შესახებ იღებს ფერმერთა ასოციაციის საბჭო.
სათათბიროს პირველი სხდომა ივლისში გაიმართება.

სათათბიროს ორგანოს ფორმირება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.