Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სოფლის მეურნეობის დარგის ეკონომიკური მაჩვენებლები

59c2472e57d61
BM.GE
20.09.17 14:45
903
2017 წლის პირველ ნახევარში აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება შეადგენს 1.9 მლრდ ლარს, რაც 7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. გამოშვებული პროდუქციის ძირითადი წილი მეცხოველეობის სექტორზე მოდის.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ცხვრისა და ღორის სულადობები კი გაზრდილია, შესაბამისად, 5%-ით და 10%-ით. აღსანიშნავია, რომ საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, მეცხოველეობის სექტორის ზრდაში იგულისხმება პირუტყვის და ფრინველის სულადობის ნამატი (და არა სულადობის აბსოლუტური მაჩვენებელი) აღნიშნულ პერიოდში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალში მეცხოველეობის პროდუქტების (ხორცი, რძე, კვერცხი) წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის შემცირება გამოწვეულია ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის მაღალი მაჩვენებლით, თუმცა, ნამატის ხარჯზე სექტორი მაინც იზრდება რაც მომავალში დადებითი ტენდენციის საფუძველს იძლევა.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შეადგენს 2.3 მლრდ ლარს, რაც 9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. გადამამუშავებელ სექტორში მნიშვნელოვანი პოზიციები უჭირავს მარცვლეულის და რძის გადამუშავებას, ასევე, ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებას.

სექტორის ზრდა ძირითადად გამოწვეულია ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების გაზრდილი მაჩვენებლით, რისი გამოშვებაც საანგარიშო პერიოდში 409 მლნ ლარს შეადგენს და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით არის გაზრდილი, ასევე ზრდა გვაქვს რძის პროდუქტების წარმოებაში, რომლის ღირებულებაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 395 მლნ ლარს შეადგენს და 11%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.