Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სუბსიდირებას იმდენი გვერდითი ეფექტი ახლავს, ზოგჯერ იმასაც ავნებს რასაც მკურნალობენ"

597d89fcb65c2
BM.GE
30.07.17 13:00
900
2017 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობამ სპეციალური სამთავრობო განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც, კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს რთველზე, ღვინის გადამუშავების ნაწილში, სუბსიდია აღარ გაიცემა. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ. მთავრობის სუბსიდირების პოლიტიკას გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ "უსახელაური ვენახების" დამფუძნებელი პაატა შარაშენიძე აფასებს.

-ბატონო პაატა, ღვინის ბიზნესის სუბსიდიაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ნაწილი ამას მხარს არ უჭერს და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სუბსიდია მავნებელი და ზედმეტია, ნაწილს კი მიაჩნია, რომ თუ დარგის გრძელვადიანად ფეხზე დაყენება გვსურს, მაშინ სუბსიდირება აუცილებელია. როგორია თქვენი მოსაზრება?

-პირადად მე ყოველთვის ვემხრობი იმ აზრს, რომ სუბსიდია ეკონომიკაში ჩარევის ჯანსაღი ფორმა არ არის. არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ ბუნება არ უშვებს ჩარევებს. ამას ყოველთვის თავისუფლება ჯობია. ზოგიერთი ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩარევა დადებით გავლენას იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ ეკონომიკის რომელიმე დარგი ავად არის და მას რამე პრობლემა აქვს. მაშინ იგი კონკრეტულ შემთხვევებში, კონკრეტულ დროს, კონკრეტულ პერიოდში აღნიშნულ ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, თუ მკურნალობას შევადარებთ ამ წამალს, ამ შემთხვევაში სუბსიდირებას, იმდენი გვერდითი ეფექტი ახლავს, ზოგჯერ იმასაც ავნებს ხოლმე, რასაც მკურნალობენ. ამიტომ, პირადად ჩემი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად ის არის, რომ სუბსიდირება ყოველთვის დაუშვებელია ეკონომიკაში და მითუმეტეს, ის კარგი არ არის იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენთან იყო.

-რა არის აღნიშნული მიმდინარე ფორმის ხარვეზები და რას გულისხმობთ, როდესაც აღნიშნავთ, რომ ’’შეიძლება ავნოს“, რაში შეიძლება ეს გამოიხატოს?

-ყურძნის სულ რამდენიმე ჯიში სუბსიდირდება. ჩვენ დაახლოებით 500 ჯიში გვაქვს, თუმცა ქართველი მეწარმეები რეგულარულად ყურძნის 40 ჯიშს აწარმოებენ. აქედან გამომდინარე ის 35 ჯიში, რომელსაც სუბსიდია არ შეეხება, უკვე წამგებიან მდგომარეობაში რჩება. მე კომპანიას "უსახელაური ვენახები" წარმოვადგენ, უსახელაური ნახევრად ტკბილი ღვინოა, როგორც ხვანჭკარა. არ დავიწყებ მათ ხარისხობრივ შედარებას, თუმცა ორივე ერთ წონით კატეგორიაში გადის. ძალიან ხშირად ჩვენ უსახელაურის ფერმერები მხოლოდ იმის გამო ვიჩაგრებით, რომ ჩვენგან განსხვავებით, ხვანჭკარა ფინანსდება. 1 კგ უსახელაურის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 10-დან 15 ლარამდე მერყეობს, ხოლო ხვანჭკარას ფასი სუბსიდირებასთან ერთად 5 ლარია. როდესაც მეწარმე ფიქრობს, რომ ნახევრადტკბილი მაღალი კატეგორიის სეგმენტის ღვინო დააყენოს, მას ურჩევნია 3 ლარი გადაიხადოს, ვიდრე უსახელაურში 10 ლარი. აქ პირველი, რასაც სუბსიდია აკეთებს, კონკურენციის კანონს არღვევს.

-თქვენი აზრით, სუბსიდირების მოდელს დადებითი მხარე თუ აქვს და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ამ იდეის კატალიზატორი ყოფილიყო?

-სუბსიდირება 2007 წლიდან დაიწყო და ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მეხანძრის როლი იყო 2006 წლის მარტში განხორციელებული ღვინის ემბარგოს შემდეგ. რა თქმა უნდა, მაშინდელი ხელისუფლებისთვის ეს ემბარგო მოულოდნელი იყო და ეს სფეროში ჩარევის უცბად მოფიქრებული, ძალიან ცუდი ფორმა იყო. სამწუხაროა ისიც, რომ როდესაც სუბსიდირება შემოვიდა, ხელისუფლებას მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების არანაირი სტრატეგიული გეგმა არ ქონდა. ეს გადაწყდა იმ პირობებში, როდესაც საქართველო მის უმთავრეს, მაშინდელი მონაცემებით 85%-იან ბაზარს კარგავდა, დღეს ეს რიცხვი 55%-მდე არის დაწეული, თუმცა აღნიშნული ციფრი მაინც საგანგაშოა. სამწუხაროდ, დღესაც იგივე პრობლემა დგას და ხელისუფლება ყოველთვის ფორსმაჟორის ვითარებაში მოქმედებს. ათი წლის განმავლობაში დღეს პირველად მოხდა, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვდივართ, როდესაც ხელისუფლება მეხანძრის როლს აღარ შეასრულებს.