Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქსტატი 2017 წლის უმუშევრობის კვარტალურ მაჩვენებლებს არ გამოაქვეყნებს

59d4d8d2a1c68
თელარა გელანტია
04.10.17 16:47
856
სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის უმუშევრობის კვარტალურ მაჩვენებლებს არ გამოაქვეყნებს.  საქმე იმაშია, რომ საქსტატს 2017 წელს პირველი და მეორე კვარტლის უმუშევრობის დონე არ გამოუქვეყნებია.

როგორც "საქმის კურსს" სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, 2017 წლის უმუშევრობის კვარტალური მაჩვენებლები შესაძლოა, საერთოდ არ გამოქვეყნდეს, მაგრამ უმუშევრობის წლიურ (2017) დონეს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წლის გაზაფხულზე გაასაჯაროებს.

აღნიშნულს საქსტატში რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ თუ 2017 წლამდე საქსტატი მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის სტატისტიკას შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის საფუძველზე აწარმოებდა, მიმდინარე წლიდან ამ გამოკვლევას სამუშაო ძალის მოდული გამოეყო და დამოუკიდებელ, სრულმასშტაბიან სამუშაო ძალის გამოკვლევად ჩამოყალიბდა.

ასევე, როგორც საქსტატში აცხადებენ, კვარტალში კვლევის შერჩევის ზომა 3300-დან 6000 შინამეურნეობამდე გაიზარდა.

გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ 2017 წლამდე შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის შერჩევის ჩარჩო ეფუძნებოდა 2002 წლის აღწერის მონაცემებს, რომელიც საკმაოდ მოძველებული იყო.

"სამუშაო ძალის დამოუკიდებელი კვლევის დანერგვის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო კვარტალური მონაცემების გავრცელება, რის საშუალებასაც არ იძლეოდა შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა შერჩევის ზომის სიმცირიდან გამომდინარე და, შესაბამისად, 2017 წლამდე მხოლოდ წლიური მონაცემები ვრცელდებოდა. ზემოხსენებულმა ცვლილებებმა ფუნდამენტური გავლენა მოახდინა სამუშაო ძალის კვლევაზე, რამაც გამოიწვია კვლევის მონაცემებში შესადარისობის უზრუნველყოფის პრობლემა. კერძოდ, სამუშაო ძალის მაჩვენებლების დინამიკაში შედარებითობის თვალსაზრისით, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია ერთი და იგივე ოჯახებზე დაკვირვება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორც შინამეურნეობების ინტეგრირებულ გამოკვლევაში, ასევე სამუშაო ძალის გამოკვლევაში შერჩევის დიზაინი აგებულია ამ პრინციპების გათვალისწინებით. ამასთან, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების გამოყენებამ გამოიწვია სამუშაო ძალის გამოკვლევის შერჩევის სრული ცვლილება, რის შედეგადაც დაირღვა შინამეურნეობებზე დაკვირვების უწყვეტობა. ამგვარად, შერჩევის ჩარჩოს და დიზაინის ცვლილებიდან გამომდინარე, ამ პრინციპის დაცვა შეუძლებელი გახდა", - აცხადებენ საქსტატში.

მისივე ინფორმაციით, აუცილებელი გახდა 2014 წლიდან 2002 წლამდე მოსახლეობის გადაანგარიშების მიმდინარე სამუშაოების დასრულება და სამუშაო ძალის კვლევაში გადაანგარიშებული მონაცემების გამოყენება.

"აღნიშნული სამუშაოები, რომელიც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ექსპერტების ტექნიკური დახმარების ფარგლებში ხორციელდება, დასკვნით ეტაპზეა და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“, - აცხადებენ სტატისტიკის სამსახურში და აღნიშნავენ, რომ „სამუშაო ძალის კვლევის მონაცემთა შესადარისობის უზრუნველსაყოფად საჭიროა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რომელიც 2017 წლის წლიური მონაცემების გამოქვეყნებამდე დასრულდება“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსის გიორგი კალაკაშვილის თქმით, 2018 წლიდან უმუშევრობის დონის კვარტალური გამოქვეყნება აღდგება.

ცნობისთვის: 2016 წელს ქვეყანაში უმუშევრობა 12%-დან 11.8%-მდე შემცირდა. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი კი, 2016 წელს 0.5%-ით გაიზარდა 21.3%-მდე.