Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფიტნეს კლუბების პირველი ქსელი საქართველოში - "ასპრია ფიტნესი" ექსპანსიას აგრძელებს

59a6ce8baf104
სალომე მეცხვარიშვილი
31.08.17 10:00
998
2012 წელს ერთი სავარჯიშო დარბაზით დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე 5 ობიექტს და ყოველთვიურად 6 ათასამდე აქტიურ მომხმარებელს ითვლის - ეს საქართველოში პირველი ფიტნეს კლუბების ქსელის "ასპრია ფიტნესის" ისტორიაა.

კომპანიის დაფუძნება ლევან ქაჯაიამ მის ბავშობის მეგობართან ერთად გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვერ შეძლო სავარჯიშო დარბაზების ქსელის მოძებნა, სადაც ნებისმიერ დროს, ქალაქის სხვადასხვა ადგილზე შეუზღუდავი დროით შეძლებდა ვარჯიშს, ისევე, როგორც ამას გერმანიაში ახერხებდა.

"მსგავსი დისკომფორტი ჰქონდათ ჩემს გერმანელ პარტნიორებსაც",- აცხადებს ლევან ქაჯაია.

სწორედ ამიტომ დამფუძნებლებმა საირმის ქუჩაზე პირველივე ობიექტის გახსნიდანვე იცოდნენ, რომ მათი მიზანი ქსელის ჩამოყალიბება იყო. ლევან ქაჯაია „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ "ასპრიაზე", როგორც ქსელზე, საუბარი 2013 წლიდან შეგვიძლია დავიწყოთ, რამდენადაც სწორედ ამ პერიოდში გახსნა კომპანიამ მესამე ფილიალი. ამას მოჰყვა 2014 წელს გახსნილი ვაკის ფილიალი. მოგვიანებით კი აჭარის რეგიონში ექსპანსიაც დაიწყო. ბოლო და ყველაზე თანამედროვე დარბაზი „ასპრიამ“ 2016 წლის ნოემბერში ბათუმში გახსნა. თუმცა, ამაზე გაჩერებას დამფუძნებლები არ აპირებენ.

ლევან ქაჯაია ამბობს, რომ მიუხედავად ბევრი სხვაფიტნეს ცენტრის გამოჩენისა, ბაზარი გაჯერებული არ არის, ამიტომ უახლოეს 5-6 თვეში ისევ ახალი ობიექტის გახსნას გეგმავენ. "ასპრია" ჯერჯერობით ისევ დედაქალაქში გაფართოვდება.

კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ დღეს თბილისში ფიტნეს კლუბების ქსელის ჩამოყალიბება საკმაოდ რთულია. ამის უმთავრესი მიზეზი კი არასაკმარისი ინფრასტრუქტურაა. მისი განმარტებით, ქალაქში ძნელად მოიძებნება დიდი სივრცეები დარბაზებისთვის, რომელსაც საკუთარი პარკინგიც აქვს. სწორედ ამიტომ კომპანიის დამფუძნებელს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად სწორედ „ასპრიას“ ქსელურობა და მომსახურების ოპტიმალური ფასი მიაჩნია, ისევე როგორც მუდმივად განვითარებადი ახალ დარბაზები. მისი თქმით, მათი ყოველი ახალი დარბაზი უფრო თანამედროვეა.

კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც დღეს 90-მდე ადამიანს ასაქმებს, ამბობს, რომ „ასპრიამ“ ბაზარზე თავის დამკვიდრება მისი ინოვაციური მიდგომებით შეძლო.

"ეს იყოს პირველი 24- საათიანი ქსელი, სადაც ქსელის მასშტაბით ულიმიტოდ ვარჯიში შეიძლებოდა. ამასთან, ფასი იყო მისაღები და ბევრად განსხვავდებოდა მაშინ ბაზარზე არსებული შემოთავაზებებისგან.

მე და ჩემი პარტნიორებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ტრენდის დამკვიდრება იყო მიზანი და ვფიქრობ, ეს წარმატებულად მოვახერხეთ“,- ამბობს „ასპრიას“ დამფუძნებელი.

კომპანიის ახალი მიზანი კი "თიბისისა" და "ჯეოსელის" ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებაა. ლევან ქაჯაიას და მის ბრენდს "წლის ბიზნესის" სტატუსის მოპოვება სურთ.

"ასპრია ფიტნესში" აცხადებენ, რომ კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ და სჯერათ, რომ იმედი არც ამ შემთხვავში გაუცრუვდებათ.