Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარტიების დამფინანსებელი კომპანიები

59ed8db53546f
BM.GE
23.10.17 10:33
880
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ შუალედური კვლევა მოამზადა, რომლის თანახმადაც, 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულებების 93% მმართველმა პარტიამ მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხებზე.

ყველაზე მსხვილი შემომწირველი 7 კომპანია იყო - თითოეულმა „ქართულ ოცნების” სასარგებლოდ მაქსიმალური თანხა 120 000 ლარი გაიღო. ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა”, შპს “LION”, „თეგეტა მოტორსი“, „დეტი“, „პარტნიორი“ და „მეეკი“. აღსანიშნავია, რომ პირველმა სამმა კომპანიამ 2016 წელს ზუსტად იმავე ოდენობის თანხები შესწირა „ქართულ ოცნებას“. ასევე საინტერესოა, რომ კომპანიას „ტრანსპროექტი“, რომელმაც საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 50 000 ლარი გაიღო, 2011 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ აქვს 100 000 ლარი შეწირული.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის“ 100%-იანი წილის მფლობელი ზურაბ ჩხაიძეა. კომპანიამ 2015 წელს ქედაში ახალი ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამით „შეღავათიანი აგროკრედიტის“ თანადაფინანსებით შეიქმნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას გამოეხმაურა კომპანია თეგეტა მოტორსი. კომპანიაში პირდაპირი წესით გაფორმებული კონტრაქტების გაფორმებას სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანია „თეგეტა მოტორსს“ შორის ცრუ ინფორმაციას უწოდებენ. კვლევის მიხედვით, „თეგეტა მოტორსმა“ როგორც იურიდიულმა პირმა მმართველ პარტიას 120 000, ხოლო ამ კომპანიის მეწილემ ზაურ ცხადაძემ დამატებით 60 000 ლარი შესწირა. 

„კომპანია „თეგეტა მოტორსს“ 2017 წელს მოგებული აქვს რამოდენიმე სახელმწიფო და უამრავი კერძო ტენდერი ყველა სატენდერო წესის დაცვით, სადაც არანაირ პირდაპირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ყველა სატენდერო განაცხადი გახლდათ საჯარო და მასში მონაწილეობას იღებდა ნებისმიერი დაინტერესებული კომპანია. ტენდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო სტუქტურებთან, ასევე კერძო ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი

საქართველოში, კომპანიაში დასაქმებულია 1500 მდე მაღალკვალიფიციური კადრი, რომელთა პროფესიონალიზმი განაპირობებს კომპანიის წარმატებას და არა დამატებითი გარემო ფაქტორები.“, - განმარტავენ კომპანიაში.

თეგეტა მოტორსი, წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელშიც შედის შემდეგი კომპანიები: შპს თეგეტა თრაქ ენდ ბასი (MAN Truck & Bus AG-ის, ოფიციალური წარმომადგენელი), შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი); შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს (პორშესა და მაზდას ოფიციალური დილერი), ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია (Shell Lubricants – ოფიციალური წარმომადგენელი) და ტოიოტა ცენტრი თეგეტა (TOYOTA-ს ოფიციალური დილერი საქართველოში).

კომპანია თეგეტა მოტორსის 100%-იანი წილის მესაკუთრე ვახტანგ ტყეშელაშვილია.

შპს ტრანსპროექტის დირექტორი ანატოლი ხარებავაა, 25-25%-იან წილებს კი ინაწილებენ ანატოლი ხარებავა, შალვა მინაძე, დემსარი დემეტრაშვილი, ტარიელ ლომიძე.

შპს მეეკის დირექტორი ნორაირ მკოიანია, 50%-იანი წილის მფლობელები კი ნორაირ მკოიან და მარტუნ მკოიანი.

შპს პარტნიორის 100%-იანი წილის მფლობელი თამთა ლალუაშვილია, კომპანია 6 ოქტომბერსაა რეგისტრირებული.