Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ 355 ქონება გამოისყიდა

596dfb2d0d452
BM.GE
18.07.17 16:10
830
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს იმ კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვას, რომლებიც ექცევიან პროექტის ზემოქმედების არეალში.

განსახლების პროცედურების განმახორციელებელ ორგანიზაციას წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორი შპს "დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი".

სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობის კომპენსაციის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების სრული შესაბამისობით მიმდინარეობს, ასევე უზრუნველყოფილია კომპენსაციის გაცემის მაქსიმალური გამჭვირვალობა.

"პროექტის დაწყებამდე მოსახლეობასთან განხორციელდა არაერთი შეხვედრა, სადაც განხილული იყო განსახლების პროცედურების დეტალები, სამართლიანი კომპენსაციის მიღების წესი და გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო პროცედურები.

დღეის მდგომარეობით სააგენტოს მიერ გამოსყიდულია 355 ერთეული ქონება, მათ შორის არის საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები. აღსანიშნავია, რომ ჯამში პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და უარი შეთავაზებულ კომპენსაციაზე დღეის მდგომარეობით 337 ოჯახიდან მხოლოდ 9 ოჯახმა განაცხადა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გამოიყენებს ექსპროპრიაციის მეთოდს, რის მიხედვითაც აღნიშნულ ოჯახებს ჩამოერთმევათ საკუთრებაში არსებული ქონება და კომპენსაციის სახით მიიღებენ განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ანაზღაურებას",- ნათქვამია ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.

სააგენტო აგრძელებს დარჩენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვას, რომელიც უნდა განხორციელდეს უშუალოდ პროექტის არეალში არსებული უძრავი ქონებებისთვის 1 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მიმდებარე ქონებებისთვის 15 სექტემბრის ჩათვლით.