Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ნუშის გადამამუშავებელი ქარხნების აშენება იგეგმება

59437f2ba01eb
ელენე გოგბერაშვილი
16.06.17 10:44
2064
"USAID საქართველოს" სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ნუშის ბაზრის კვლევა მომზადდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ასეულობით ჰექტარი ნუშის ბაღი გაშენდა და თუ ნუშის ბაღების გაშენება არსებული ტემპებით გაგრძელდა, საქართველოს აქვს შანსი ნუშის მწარმოებელი ქვეყნების სიაში საპატიო ადგილი დაიკავოს და ექსპორტიორი ქვეყნების ნუსხაშიც შევიდეს.

დღეს საქარველოში ნუშის გადამამუშავებელი საწარმო არ არსებობს. თანამედროვე კომერციული ნუშის ბაღების გაშენება სულ რამდენიმე წელია დაიწყო და ჯერ ფაქტობრივად მოსავალიც კი არავის მიუღია. რამდენიმე მეწარმე, რომლებიც შედარებით დიდი მოცულობის ბაღებს ფლობენ, გეგმავს ნუშის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას. ნუშის ქარხანას სჭირდება სამი ძირითადი აგრეგატი: კანის გასაცლელი, გასაშრობი და სატეხი.

ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, სამეურნეო ბაზრებზე ნუშზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნაჭუჭიანი ნუშის ფასი 10-12 ლარი, ნუშის გულის ფასი კი 25-27 ლარია. რაც შეეხება იმპორტირებულ ნუშს, ნაჭუჭიანი ნუშის შემთხვევაში, პროდუქტის ღირებულება 14-16 ლარია, ხოლო ნუშის გული 35 ლარად იყიდება.

საგარეჯოს რაიონში, ძირითადად ადგილობრივი ინვესტიციით, ძალიან დიდ ფართობზე შენდება ნუშის ბაღი. ამ ეტაპისთვის აღნიშნულ ბაღში, 350 ჰა-ზე მეტ ფართობზეა ნუში გაშენებული. სულ კი 1500 ჰა-ზეა ბაღის გაშენება დაგეგმილი. ნერგების იმპორტირება ესპანეთიდან და იტალიიდან განახორციელდება. 

კვლევის მიხედვით, ქართული ჰიპერმარკეტები წელიწადში დაახლოებით 12-15 ტონა ნუშის გულს ყიდიან. რაც შეეხება გაუტეხავი ნუშის წლიურ სარეალიზაციო მოცულობას, ის 4-5 ტონის ფარგლებშია.