Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მერიის ქონების მართვის სამსახური: კუს ტბის მიმდებარედ სასტუმროს მშენებელს ჯარიმა არ გადაუხდია

596618e345b1e
სალომე მეცხვარიშვილი
12.07.17 17:17
786
კუს ტბის მიმდებარედ სასტუმროს მშენებელს ჯარიმა არ გადაუხდია,- ამის შესახებ "საქმის კურსს" თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, კომპანია "არმლენდერ ასოშიეთსი" წლების წინ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა, მაგრამ შემდეგ ჯარიმა ჩამოეწერა. როდის და რატომ დაჯარიმდა, ასევე რატომ ჩამოეწერა ჯარიმა კომპანიას, მერიის სამსახურში არ აკონკრეტებენ.

"ჯარიმა დაიწერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ჯარიმა გადაიხადეს. იქვე გამოცემულია აქტი, რომლის საფუძველზეც დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერა ხდება",- აცხადებენ მერიის სამსახურში.

რაც შეეხება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, "საქმის კურსს" წინა წლებში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი არ მისცეს. შესაბამისად, უცნობი რჩება, რატომ არ აძლევდა თბილისის მერიის არქიტეტურის სამსახური კომპანიას მშენებლობის ნებართვას, როდესაც კომპანიას სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი ჰქონდა.

არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ისტორია 2002-2003 წლებში ვითარდებოდა და მას შემდეგ კომპანიამ მერიის სამსახურს პროექტის შეცვლის მოთხოვნით ბევრჯერ მიმართა. ამ ეტაპზეც "არმლენდერ ასოშიეთსს” შეტანილი აქვს პროექტის კორექტირების მოთხოვნა და სანამ აღნიშნულზე ადმინისტრაციული საქმე მიმდინარეობს, კომენტარს წარსულში მომხდარ ფაქტებზეც ვერ გააკეთებენ.

კომპანია "არმლენდერ ასოშიეთსი" თბილისში, კუს ტბის ასახვევში სასტუმროს მშენებლობას 14 წელია ცდილობს. "საქმის კურსთან" საუბრისას კომპანიის დირექტორი თეიმურაზ მიქელაძე ამბობს, რომ ახლაც თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება, რომლის გაცემასაც უწყება წლებია აჭიანურებს. "მერიის ერთი სამსახური მშენებლობის ნებართვას არ გვაძლევს, მეორე კი - მშენებლობის არდაწყების გამო გვაჯარიმებს",- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.