Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea დასრულდა

59d255c7cf133
BM.GE
02.10.17 19:04
759
ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea დასრულდა და გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის სარეკლამო ბიზნესის წარმომადგენლებმა საკუთარი ნამუშევრები 10 ნომინაციაზე წარადგინეს და მათ ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ, საუკეთესო კომპანია კი გრანპრით დაჯილდოვდა.

ფესტივალი Check In Georgia-ს მხარდაჭერით 2015 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და მონაწილეების წახალისებაა. წლის საუკეთესო საკომუნიკაციო სააგენტოდ Windfor’s დასახელდა.

„მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ამ წოდების მოსაპოვებლად. საერთაშორისო კონკურსებში ვმონაწილეობდით და იქ მოპოვებულმა ჯილდოებმა განაპირობა სწორედ ის, რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ. საკონკურსო სეზონი Ad Black Sea-ით იხურება. ამ კონკურსზე ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოვიპოვეთ და საბოლოოდ, ქულებით გავხდით წლის საუკეთესო სააგენტო, რაც საკმაოდ რთული იყო, რადგან ხარისხობრივად ძალიან მაღალი დონე დაფიქსირდა და ძალიან ძლიერი კონკურენტები გვყავდა. ასეთ ღონისძიებაზე დასწრება ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლის ტენდეციები აუცილებლად იკვეთება და ყურადღება ყოველთვის მნიშვნელოვან თემებზე მახვილდება. ჩემთვის თავისთავად სასარგებლო გამოცდილება იყო“, - ამბობს „საქმიან დილასთან“ საუბრისას WINDFOR`S-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი ნინო გორდელაძე.

ფესტივალზე წლის სააგენტოს სტატუსი Leavingstone-მა მოიპოვა. Leavingstone-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ლევან ლეფსვერიძე ამბობს, რომ კომპანიამ წელს ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა.

„ქართულ სააგენტოებს შორის საუკეთესო Leavingstone-ი გახდა, რაც სასიხარულოა და აღვნიშნავ, რომ Ad Black Sea-ი ყველაზე საამაყო და გულთან ახლოს მისატანი ფესტივალია. რა თქმა უნდა, ბევრი პატარ-პატარა და დიდი ფესტივალებია მსოფლიოში, არსებობს კანი და ევროპის საუკეთესო ფესტივალები, მაგრამ საკუთარ მოედანზე ასპარეზი გულთან ახლოს მისატანია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის პოზიციებით დავფიქსირდეთ და ჩვენი ბევრი თანამშრომელი დაესწროს ფესტივალს. წელს ოთხი ვერცხლი, ორი ბრინჯაო და ჯამში 9 ნომინირება დავიმსახურეთ, რამაც აღნიშნული ქულები დაგვიგროვა. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს თამასა უფრო აწეული იყო, კონკურენციაც გაიზარდა და გამარჯვების მოპოვებაც უფრო გართულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფესტივალი ვითარდება, წლიდან წლამდე იხვეწება და პროფესიონალი ჟიური ყავს, რომელიც ობიექტურად აფასებს ნამუშევარს. სანამ ეს ფესტივალი გაჩნდებოდა, საქართველოში ამ კუთხით არაფერი არ ხდებოდა. საშუალება არ იყო, რომ ახალ თაობას გაესაუბრა ან თუნდაც რჩევა მოესმინა უცხოელი პროფესიონალებისგან. ახლა კი ჩამოდიან, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ და ეს აღარ არის უბრალოდ youtobe-ში ვიღაცის ყურება. ეს ადამიანები სცენაზე დგანან და მათ არაფორმალურ ნაწილშიც შეგვიძლია გავესაუბროთ, რაც ახალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში კი ეს ინდუსტრიის ზრდისა და განვითარების საწინდარია, რაც თავის მხრივ, ეკონომიკას განავითარებს და მსოფლიო რუკაზე გამოგვაჩენს“, - ამბობს ლევან ლეფსვერიძე.