Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა არის ფინანსური პირამიდა? - ვიდეო

59d4c01edf733
BM.GE
04.10.17 15:01
1157
საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურები წარუდგინა. პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" (SBFIC) მხარდაჭერით განავითარა, საზოგადოებას გააცნობს, თუ რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკები უკავშირდება საკუთარი თანხების არაგონივრულად დაბანდებას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და ავირიდოთ თავიდან ფინანსური საფრთხეები.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და ამ გზით მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვა დაისახა. შესაბამისად, ვგეგმავთ საზოგადოებაში დაზოგვის მნიშვნელობისა და დაზოგვის უსაფრთხო ფორმების შესახებ დისკუსიის ხელშეწყობას. ჩვენ გვსურს მოსახლეობას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემს სწორად შეაფასონ ფულის ამა თუ იმ ფორმით დაბანდებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, დასვან რაც შეიძლება მეტი შეკითხვა, და კრიტიკულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ ნებისმიერ ფინანსურ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, ამ გზით დავეხმარებით მოსახლეობას გრძელვადიან პერსპექტივაში მიაღწიოს ფინანსურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფინანსური პირამიდების შესახებ შექმნილი ვიდეორგოლი, რომელსაც დღეს პირველად წარმოგიდგენთ. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეროვნული ბანკისთვის 2018 წელი იქნება ფინანსური განათლების წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები გაცილებით უფრო მეტი და ინტენსიური იქნება. ამავდროულად, გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ მართლაც ეროვნულ საქმეში მექნება მხარდაჭერა როგორც საფინანსო სექტორის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მედიის მხრიდანაც", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.