Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"3-4 წლის წინ დანერგილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის მყისიერ ეფექტს არ იძლევა"

590ef8cf91f85
BM.GE
07.05.17 16:00
869
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა და პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდეთ. რაც შეეხებათ მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, ისინი აღნიშნული პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ, - თემის დეტალებით გადაცემაში ’’საქმის კურსი“ ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე საუბრობს.

-ბატონო ლაშა,  ვიცით, რომ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები შეზღუდული სერვისებით ისარგებლებენ და ეს შეზღუდვები რას მოიცავს?

-აღნიშნული შეზღუდვა 1000 ლარზე ნაკლები, ან არარეგულარული შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის არის და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისების დაფინანსების განახევრებას და გეგმიურ სტაციონარში 500 ლარზე ზევით სერვისების დაფინანსებას გულისხმობს. დანარჩენი ყველაფერი ზუსტად იგივეა, როგორც აქამდე იყო საბაზისო პაკეტი, ანუ გეგმიური სტაციონარი ოდნავ, 500 ლარამდე შეიზღუდა და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისი განახევრდა.

-ასეთი ადამიანი რაოდენობრივად რამდენია?

-ასეთი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 1 100 000-ია. 1000 ლარიდან წლიურ 40 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანების რაოდენობა კი დაახლოებით 230 000-ია, რომელთათვის ალტერნატივა გაჩნდა - ან კერძო დაზღვევა, ან საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა კერძო დაზღვევის დროსაც მათ ონკოლოგიური ქიმიო და ჰორმონოთერაპია შეუნარჩუნდებათ, ხოლო თუ საყოველთაო ჯანდაცვის მხარეს დარჩებიან, მათ სტაციონალური ურგენტული მომსახურება შეეზღუდებათ, 90%-იანი თანაგადახდა ექნებათ 100%-ის ნაცვლად და გეგმიურ სტაციონარზე მათი სერვისები 1000 ლარის ზევით დაფინანსდება, ანუ მცირე 1000 ლარამდე თანხებზე ისინი თავის იმედად იქნებიან, ხოლო დიდ თანხებზე ისევ იგივე სერვისები ექნებათ დაფინანსებული, როგორც ეს აქამდე იყო.

-როგორც აღინიშნა, ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი სოციალური სამართლიანობის შექმნა და საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციაა. როგორ ფიქრობთ, ჯანდაცვის რეფორმისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტი უნდა იყოს თუ არა სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა, როდესაც საქსტატის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია. ამ მონაცემებს თუ დავეყრდნობით გამოდის, რომ ქვეყანაში ეფექტური ჯანდაცვა გვაქვს?

-საქმე ის არის, რომ 3-4 წლის წინანდელი საყოველთაო ჯანდაცვის შემოტანა სიცოცხლის ხანგრძლივობის ასე მყისიერ ეფექტს არ იძლევა. ეს კომპლექსური ქმედებებია სახელმწიფოს და არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა დამერწმუნეთ, რომ ის ასეულობით ათასი ადამიანი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვიდან დაფინანსდა, მათ შეუნარჩუნდათ და გაუხანგრძლივდათ სიცოცხლე და ეს თავის სათქმელს გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად იტყვის. შედეგებს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დავითვლით, ასეთი შედეგები აუცილებლად დადგება. საყოველთაო ჯანდაცვა ამისი ერთ კომპონენტია.

-როდესაც რისკებზე საუბრობდნენ, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ასი ათასობით ადამიანი დაზღვევის გარეშე დარჩებოდა. იყო ეს რისკები გათვალისწინებული?

-საბოლოო ჯამში, ეს რამდენიმე ათას ადამიანზე დავიდა, რომლებისთვისაც რეალურად შესაძლებელია ასეთი საკითხი დამდგარიყო. დღევანდელი ახალი რეფორმის შემდეგ გაწერილია გარდამავალი 6 თვიანი პერიოდი და თუ ადამიანი პირობითად კერძო დაზღვევას დათმობს, ის 6 თვის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის შესაბამის კომპონენტურ საბაზისო დაფარვაში აღმოჩნდება. თუ არადა მას უფლება აქვს უკვე დადგენილი წესის მიხედვით, კერძო მხარეს უფრო მეტი იყიდოს და სერვისები საყოველთაო ჯანდაცვიდან შეინარჩუნოს, თუკი ეს მას ეკუთვნის. გლობალურადაც მნიშვნელოვანი საგრძნობი შეზღუდვა მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს შეეხო, ანუ მაღალი და საშუალოზე მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანებს, ხოლო 93%-სთვის იგივე შენარჩუნდა, ან მცირედი შეეზღუდათ, მაგრამ სანაცვლოდ ძალიან დეტალურად გაიწერა ე.წ. დაშენების პრინციპი, რაც დანარჩენ 93%-ს საშუალებას მისცემს, რომ მათ გააიაფონ და უფრო ხელმისაწვდომი გაიხადონ კერძო დაზღვევა საყოველთაოს შენარჩუნების ხარჯზე.