Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამშენებლო დარგის ექსპერტებს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე შენიშვნები აქვთ

5965dd116670d
დავით ჯალაღონია
12.07.17 12:24
752
სამშენებლო დარგის ექსპერტებს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე შენიშვნები აქვთ. ინჟინრები, არქიტექტორები და სხვა სპეციალისტები პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფორმატში მორიგ შეხვედრას დაესწრნენ და იმ საკითხზებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათი აზრით, კოდექსში ზედაპირულად არის მოცემული.
ევროკავშირის ექსპერტი სამშენებლო დარგში მალხაზ ბედიაშვილი აცხადებს, რომ წარმოდგენილი კოდექსის პროექტი არ ითვალისწინებს საქართველოს, როგორც მაღალი სეისმური აქტივობის ქვეყნის გარემოებებს, რაც გამოსასწორებელია.

„მე ორი წლის წინაც შევიტანე შესწორება, რომ პირველი პუნქტი იყოს ის, რომ საქართველო არის მაღალი სეისმური ზემოქმედების ქვეყანა და უნდა იყოს გათვალისწინებული სეისმომედეგი მშენებლობა”, - აღნიშნავს ექსპერტი.

გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს კოდექსმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

"აქ კოდექსში მითითებულია, რომ შენობასთან ერთი მხრიდან უნდა იყოს მისასვლელი. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ორი მხრიდან შესასვლელი, რადგან როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, ერთ-ერთი მხარე ყოველთვის ჩახერგილია, რადგან ეს ძველი შენობები ინგრევა და მეორე მხრიდან მისვლა შეუძლებელია“, - განმარტავს მალხაზ ბედიაშვილი.

სამშენებლო ექსპერტები ასევე მკაცრად მოითხოვენ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტზე დაწესებული შეზღუდვის დაცვას დეველოპერებისგან. მაგალითად, მალხაზ ბედიაშვილი იმასაც ფიქრობს, რომ რეგულაციები იმ პროექტებსაც უნდა შეეხოს, რაზეც სამშენებლო ნებართვა კ2 კოეფიციენტის შეზღუდვამდე გაიცა. ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რაზეც ექსპერტები სამომავლოდ დისკუსიას გააგრძელებენ. შეხვედრას არქიტექტორებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი პროფესიული საქმიანობის რეგულირებისთვის კანონი უნდა შემუშავდეს, რაც შემდგომ არქიტექტორების სერტიფიცირების საფუძველი გახდება.

„მთელ მსოფლიოში ჩვენი კოლეგები გადიან ლიცენზირებას. მიღებულია სისტემა და ეს არის აუცილებელი პროცედურა. რაც მალე გადავალთ, უკეთესი იქნება. ეს ხარისხობრივად გაზრდის არქიტექტორის პროფესიონალიზმს პირველ რიგში, ასევე - პროექტირების ხარისხს. ჩემი აზრით, ეს სისტემა კორუფციის წყარო არ იქნება, რადგან სერტიფიცირება ტესტირების საფუძველზე უნდა მოხდეს და არქიტექტურის წარმატება მის განათლებაზე იქნება დამოკიდებული", - მიიჩნევს არქიტექტორი ალექსანდრე ჩუბინიძე.

ეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან სამუშაო ფორმატში მეორე შეხვედრა იყო და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, მომდევნო შეკრება კოდექსის დეტალურ განხილვას დაეთმობა, რადგან უკვე იდენტიფიცირებულია ყველაზე საკამათო საკითხები.

"გვინდა აბსოლუტური კონსესუსი გვქონდეს იმ ძირითად საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ასახული იქნება კანონპროქტში. არ უნდა დარჩეს არავის შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კომპეტენტური აზრი მოსმენილი არ იქნა. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაზიარებული ვერ იქნება, მაგრამ მიზანი ის გახლავთ, რომ ყველა კომპეტენტურმა ადამიანმა, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო, მოსაზრება გამოთქვას“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

საექსპერტო საზოგადოებასთან შეხვედრები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ საკომიტეტო განხილვები დაიწყება.