Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის დაწყებაზე კვლევა წლის ბოლოს დასრულდება

596dde1ad4b20
ელენე გოგბერაშვილი
18.07.17 14:06
664
ქართული და ინდური მხარე ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების მიზანშეწონილობას იკვლევს. სწორედ აღნიშნული კვლევის დასრულების შემდეგ გაირკევვა, დაიწყებს თუ არა საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მარიამ გაბუნია ,,საქმის კურსთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ქართული მხარე პროცესების დასრულებას წლის ბოლომდე ელოდება.

"ჩვენ მსგავსი კვლევა ჩავატარეთ, როცა ჩინეთთან ვიწყებდით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხებაზე მოლაპარაკებებს. ჯერ მომზადდა ზეგავლენის კვლევა და შემდეგ გადაწყდა მოლაპარაკებების დაწყება. ინდოეთთან ახლა სწორედ ამ პროცესში ვართ. წლის ბოლომდე ვაპირებთ დასრულდეს ეს პროცესი და ალბათ წლის ბოლოსთვის უკვე გამოკვეთილი იქნება როდის დაიწყება მოლაპარაკებები ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ", - აცხადებს მარიამ გაბუნია.

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ქართულ პროდუქციას დამატებით მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი, 1.3 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნება.

გასულ წელს, საქართველოდან ინდოეთში ყველაზე მსხვილი საექსპორტო პროდუქცია მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქები იყო. გარდა ამისა, საქართველოდან ინდოეთში ექსპორტზე გადის ნარჩნები და თუთიის ჯართი, შავი ლითონები, სპეციალური დანიშნულების ავტომობილები, დაუმუშავებელი ტყვია, მატყლი. გასულ წელს, ინდოეთში ექსპორტზე გავიდა საფრენი აპარატების ნაწილები, მცენარეული წვენები და ექსტრაქტები.