Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

5943c9a755271
BM.GE
16.06.17 15:59
708
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დი ჟეი პანდიანთან (Mr.D.J.Pandian) და დენი ალექსანდერთან (Danny Alexader) შეხვედრაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში, AIIB-ის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე, რომლის თანადამფინანსებელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკია. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას. ამასთან, მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას საკურორტო ზონაში და ამავე დროს, გაზრდის ტვირთბრუნვას აღნიშნული დერეფნის მეშვეობით.

შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის 17 ივნისს მოეწერება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა წარმოადგენს. მან ისაუბრა ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებმაც უნდა გაზარდონ ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო მიმზიდველობა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დეპოზიტების დაზღვევის, მიწის, კაპიტალის ბაზრის, ფისკალურ რეფორმებზე. აგრეთვე, დიდი ინტერესი გამოიხატა იმ ქმედებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის სივრცითი განვითარების მიმართულებით ახორციელებს.

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის მომავალში კიდევ უფრო გაგრძელდება და ინტერესი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართ გაიზრდება.

შეხვედრას, ასევე, დაესწრო საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.