Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჯი ენ ელ"-მა ლატარიის ჩატარების უფლება $5 მილიონად მოიპოვა

59897cfc92600
BM.GE
08.08.17 12:56
812
საქართველოში ლატარიას კომპანია „ჯი ენ ელ“-ი ჩაატარებს. აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში.

ფინანსთა სამინისტროს მიერ „საქმის კურსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერის ძირითადი პირობების მიხედვით, ლატარიის ორგანიზატორმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაიხადოს არანაკლებ, 5,000,000 აშშ დოლარი.

ამასთან, კომპანია "ჯი ენ ელ“ ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველ კვარტალურად გადაიხადოს ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 8 პროცენტი.

ლატარიის ორგანიზატორი სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა შეადგენს 2,800,000 აშშ დოლარს.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ რომ არსებული ლატარიის ორგანიზატორის საბიუჯეტო-საფინანსო ვალდებულების გადახდა ახალ ორგანიზატორს ვერ დაეკისრება, ვინაიდან კორპორატიული მოწყობის თვალსაზრისით იგი სრულიად განსხვავდება და გამიჯნულია არსებული ორგანიზატორისაგან, ასევე ის არ წარმოადგენს არსებული ორგანიზატორის სამართალმემკვიდრეს ან სამართლებრივი თვალსაზრისით მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ (აფილირებულ) პირს.

ექსკლუზიური უფლების მფლობელი ვალდებულია, ისარგებლოს თანამედროვე სისტემებითა და ტექნოლოგიებით სახელმწიფოს შემოსავლების ზრდისა და მოთამაშეებისა და მოვაჭრეებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების მიზნით. ზემოაღნიშნული სისტემები მოიცავს კომპიუტერულ ქსელს, სავაჭრო ტერმინალებს, საკომუნიკაციო საშუალებებსა და დამხმარე საშუალებებს ისეთი საქმიანობისთვის, როგორიცაა უსაფრთხოება და შიდა კონტროლი, ანგარიშების შედგენა, ბაზრის კონტროლი და სხვა.