Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კახეთში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები გაიხსნება

59a53c7858be9
BM.GE
29.08.17 14:12
741
კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარელის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 საწარმო შენდება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მშენებლობის მიმდინარეობა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დაათვალიერეს.

"მომავალ წელს მევენახეობის მიმართულებით გაცილებით მეტი კოოპერატივი დაფინანსდება, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ საშუალება გვექნება ვიფიქროთ არა მხოლოდ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებზე არამედ, კოოპერატივების მიერ წარმოებული ბრენდირებული ღვინის გაყიდვაზე, რომელიც კოოპერატივების ბრენდის სახელით გავა საერთაშორისო ბაზარზე",- აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში "შატო აკურა", "საბა" და "გავაზის საუკეთესო ვენახები" გაერთიანებულია ჯამში 60 -ზე მეტი მეპაიე, ხოლო კოოპერატივებში მობილიზებული ვენახი 70 ჰა-ზე მეტს შეადგენს.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებიდან თითოეული მიიღებს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობას.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით.