Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მზის პანელები და ქარის სადგური საკუთარ სახლში - როგორ უნდა გაყიდოთ ელექტროენერგია

596cedea45233
სალომე ჭიპაშვილი
17.07.17 21:01
3018
საქართველოში ენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ქონა იშვიათი მოვლენაა, თუმცა ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მზარდია მასზე მოთხოვნაც. Helios Energy Georgia არის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ამ მომსახურებას. „საქმის კურსი“ Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელისგან, თორნიკე დარჯანიასგან შეეცადა გაეგო რა სახის მომსახურების მიღებაა შესაძელებელი ამ მიმართულებით საქართველოში.

- როგორ გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა?

პროფესიით იურისტი ვარ და წლებია ჩემი სპეციალობით ვმუშაობ, თუმცა 2016 წლიდან პარალელურად დავინტერესდი ამ სფეროთი, ყველაფერი შევისწავლე და ის რაც მანამდე ჰობის დონეზე მქონდა განვახორციელე. 2017 წლის თებერვალში საკუთარი კომპანია Helios Energy Georgia შევქმენი. ჩამოვიტანე ჩინეთიდან მზის პანელები და ჩემი სახლის სახურავზე დავამონტაჟე. თავიდან სატესტო ვერსია მქონდა 300 ვატიანი და ახლა უკვე 5 კილოვატიანი სისტემა მაქვს, რომელიც ქსელზეა მიერთებული. არსებობს ორნაირი სისტემა: ქსელზე მიერთებული სისტემა და ქსელისგან დამოუკიდებელი. ქსელზე მიერთებული სისტემა არის ცენტრალური ქსელის ნაწილი, ჩვენ შემთხვევაში ცენტრალურ ქსელს წარმოადგენს „თელასი“, რომელიც გამომუშავებული ელექტროენერგიიდან ჭარბად მოწოდებულ ენერგიას აღრიცხავს. მიყენია აგრეთვე ქარის ელექტროსადგურიც. ერთი მეორეს ხელს არ უშლის, პირიქით ორივე ელექტროენერგიის წყაროა და ერთდროულად არის მიერთებული ქსელზე.

როგორც მომხმარებელი, როგორ იყენებთ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ?

შემიძლია შემოგთავაზოთ სტატისტიკა. ჩემი სახლის სახურავზე დამონტაჟებულმა ალტერნატიულმა ელექტროსადგურმა, რომელიც ქსელში 2017 წლის მაისიდან არის მიერთებული, 50 დღის განმავლობაში 1100 კილოვატი გამოიმუშავა, რომლიდანაც პირადი მოხმარებისთვის გამოვიყენე 200 კილოვატი. გარდა პირადი მომხმარებისა, ჭარბი ელექტროენერგია შეგიძლია გაყიდო კიდეც, მაგრამ ანაზღაურება ხდება წელიწადში ერთხელ და ისიც ერთი კილოვატის ფასი 11,47 თეთრს შეადგენს, მაშინ როცა მე ელექტროენერგიის შესყიდვაში 21 თეთრს ვიხდი, ამიტომაც არ მიღირს გაყიდვა, მირჩევნია დავაგროვო და ზამთარში გამოვიყენო.

ელექტროენერგიის გამოყენების ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად მე, ჭარბ ელექტროენერგიას „მაინინგში“ ვიყენებ, ეს არის დანადგარი, რომელიც კრიპტოვალუტებზე მუშაობს და რომელსაც ესაჭიროება ბევრი ელექტროენერგია, ხოლო ანაზღაურება ბიტკოინებით ხდება. ამ დროისთვის 455 კილოვატი ჭარბი ელექტროენერგია მაქვს.

რა თანხაა საჭირო მზის/ქარის სადგურების დასამონტაჟებლად?

ქარის ელექტროსადგური ცოტა პრობლემურია, თბილისში არ არის ისეთი სიმძლავრის ქარი, რაც ელექტროენერიის გამომუშავებისთვის არის საკმარისი. ამიტომაც ვურჩევ მომხმარებლებს მზის პანელებს. 5 კილოვატიანი სადგურის დასაყენებლად დაახლოებით 10-დან 12 ათას ლარამდეა საჭირო. ამჟამად პატარა სადგურების დამონტაჟებისგან თავს ვიკავებ, რადგან ეს ყველაფერი ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ჩემს გარდა სულ 2 ადამიანს დავუმონტაჟე მზის პანელები საკუთარი სახლის სახურავზე.

რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ეს ბიზნესი და რა არის საჭირო ამ სფეროს განსავითარებლად?

მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ ხდება ელექტროენერგიის ალტერნატიული სადგურების შესაბამისი პიარი. წელიწადი და 2 თვეა, რაც მოქმედებს და ქსელში მხოლოდ 17 სადგურია ჩართული. მსურველები ბევრნი არიან, თუმცა პრობლემაც ბევრია. სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა არ ხდება, არავითარი სუბსიდია არ არსებობს, არც დაბალპროცენტიანი სესხებით სარგებლობაა შესაძლებელი. პრობლემაა ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის ისეთი სერიოზული ფირმა, რომელიც ამ პროდუქციას შემოიტანს, ახლა პროდუქციის ჩამოტანაც და გარანტიის აღებაც ჩემს თავზე მიწევს, რაც ჩემი ბიზნესისთვის დიდი რისკია. ამიტომაც პატარა სისტემების დამონტაჟებაზე როცა მიკავშირდებიან, მხოლოდ კონსულტაციებით შემოვიფარგლები და მის განხორციელებაზე უარის თქმა მიწევს. გერმანიის მაგალითს მოვიშველიებ, ამ სიახლეს თავიდან ხალხი არ იყენებდა, იმიტომ რომ არ ენდობოდა. ამიტომ სახელმწიფომ უფასოდ დაუყენა მზის პანელები მოსახლეობას, რათა ხალხი ამ სისტემის მნიშვნელობაში დარწმუნებულიყო. ახლაც თანადაფინანსებით ამონტაჟებენ ამ სისტემას.ჩემს მიერ დამონტაჟებული ტექნოლოგია 6-7 წელიწადში იღებს თავისი თავის საფასურს და ამან მინიმუმ 25 წელი უნდა იმუშაოს, შესაბამისად ყველანაირად გამართლებულია ეს ინვესტიცია.სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არის სიტუაცია ისეთი, რომ ჩვენი ხსნა არის ჰიდროელექტროსადგურები. ჩვენ არ გვჭირდება დიდ კაშხლიანი ელექტროსადგურები, მე ვფიქრობ, რომ ამის გარეშეც არის შეშაძლებელი ამ ტექნოლოგიით მივაღწიოთ ენერგოდამოუკიდებლობას. მითუმეტეს ქვეყანაში ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს, მზე არის უხვად. საშუალოდ დღეში არის 17 კილოვატი, ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, ამაზე ოცნებობენ ევროპის ქვეყნები. ის ჰიდროელექტროსადგურები, რაც არსებობს საკმარისია და უზრუნველყოფვენ ცენტრალურ მომარაგებას, ხოლო მზის პანელები და ქარის ელექტროსადგურები არის დეცენტრალიზებული, ეს ორი კომპლექსურად ერთმანეთსავსებს და აბალანსებს.

როგორია Helios Energy Georgia-ს სამომავლო გეგმები?

ჩვენი კომპანიის პარტნიორები გერმანული კომპანიები, IMS და RBP გახდნენ. Helios Energy Georgia უფრო მეტად დაკავებულია ამ სფეროს პოპულარიზაციით და დიდი პროექტებით. ვფიქრობ, პატარა პროექტები, რომ დაიძრას საჭიროა დიდი პროექტების გაკეთება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის ბუნებრივი და ეკოლოგიური რესურსები რაც გვაქვს.