Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სომხეთის მხრიდან ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა

59d1e6fe2a340
BM.GE
02.10.17 11:11
979
საქართველოს დელეგაცია, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

საქართველო-სომხეთის საზღვარზე, დელეგაციას დახვდნენ სომხეთის ინვესტიციების მინისტრი სურენ კარაიანი და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ვართან არუთუნიანი.

ბავრას საბაჟო გამშვები პუნქტი ოფიციალურად სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გახსნა.

საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს საბაჟოზე არსებული ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული შემოწმების ზონები, მგზავრთა მომსახურების დარბაზი, თანამედროვე რენტგენო სკანერი და სხვა საბაჟო მოწყობილობა. ბავრას პუნქტის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს კინოლოგიური სამსახური.

საბაჟო გამშვები პუნქტის დათვალიერების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაციები ბავრას საბაჟო გამშვებ პუნქტში არსებული სერვისების შესახებ.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე - საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი შარტავა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსი გიორგი გომარელი.

"ჩვენ დავათვალიერეთ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი ბავრა, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს შორის ვაჭრობის განვითარებისთვის, არამედ კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ, რომელიც სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის - საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ლაშქარაძის განცხადებით, დაახლოებით 1 წელიწადში დასრულდება ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა საქართველოს მხრიდანაც, რომელიც ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. მისი თქმით, ორი თანამედროვე საბაჟო გამშვები პუნქტის - "ნინოწმინდისა" და "ბავღას" არსებობა მნიშვნელოვნად წაადგება ეკონომიკურ მდგომარეობას.