თბილისში, ზემო ვეძისში მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტის განხორციელებას დეველოპერული კომპანია "როიალ ბილდინგი" აპირებს.
კომპანიას უკვე შემუშავებული აქვს პროექტი, თუმცა, ამჟამად მისი მორგება დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მიმდინარეობს.
"როიალ ბილდინგი" აპირებს, ზემო ვეძისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ბიზნესცენტრი, საცხოვრებელი კომპლექსი და გამაჯანსაღებელი ცენტრი ააშენოს. პროექტის ღირებულება 120 მილიონი დოლარია.
"ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, უნდა ჯდებოდეს ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში. არქიტექტორები მუშაობენ იმაზე, რომ პროექტი არ ასცდეს განვითარების გენერალურ გეგმას",- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელ ვანო ლომიძე.
პროექტის განხორციელებაში კომპანიას ინვესტორები ეხმარებიან, რომლებსაც ქართველები მართავენ. "როიალ ბილდინგი" ასევე ახორციელებს სასტუმროს პროექტს ქობულეთში და მრავალფუნქციურ კომპლექსს ორთაჭალაში.