Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ენგურჰესის გვირაბი ავარიულ მდგომარეობაშია", - რა დაჯდება ჰესის რეაბილიტაცია?

59d2527c6a72e
დავით ჯალაღონია
02.10.17 18:47
979
2018 წელს ბიუჯეტში „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის 21.6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში ვკითხულობთ, 2018 წელს დასრულდება პროექტირება, მომზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და ჩატარდება ტენდერები მშნებელი კონტრაქტორებისათვის. ასევე, ენგურჰესთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დაიწყება.

"ენგურჰესის სადაწნეო გვირაბი ავარიულ მდგომარეობაშია, დიდია ფილტრაციული დანაკარგები. დაზიანებულია 1-ლი, მე-2 და მე-5 ტურბინების წყალსატარები; უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია გზის საფარი; აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად განადგურებულია წყალსაშვის ფარები; წყალსაცავში ლამის მაღალი დონის გამო შეუძლებელია მისაყრდნობი ფარის ჩაშვება კაშხლის ზედა ბიეფის მხრიდან. ენგურჰესის ექსპლუტაციის ნორმების თანახმად, სადერივაციო გვირაბი ყოველ ხუთ წელიწადში საჭიროებს დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რათა შემცირებული იქნას სადერივაციო გვირაბში გამავალი წყლის დანაკარგები, შესაბამისად, გაიზარდოს გამომუშავება“, - წერია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

მთავრობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათი მასშტაბების გამო, 2021 წლამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ როგორ "ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ "საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა, მომავალ წელს „ენგურჰესი“ სავარაუდოდ, მხოლოდ გვირაბის დათვალიერების მიზნით შეწყვეტს მუშაობას.

"გაისად თუ გავაჩერეთ, მაქსიმუმ ათი დღით, დათვალიერების მიზნით. რემონტისთვის ოთხთვიანი გაჩერება არ იქნება, იმიტომ რომ ახლა შეირჩა საპროექტო კომპანია, სატენდერო მასალებია მოსამზადებელი, მშენებელი კონტრაქტორებია გამოსავლენი, სპეციალური დანადგარებია მოსატანი და ა.შ“, - განმარტა მებონიამ.