Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხუდონჰესის პროექტის დაწყების ვადები კვლავ გაურკვეველია

571743ab3bdec
დავით ჯალაღონია
20.04.16 12:52
1332
ხუდონჰესის პროექტის დაწყებამდე ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორ კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ შორის სატარიფო პოლიტიკაა შესათანხმებელი.
 
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, სამინისტრო ტარიფებთან დაკავშირებით ახალ მიდგომაზე მუშაობს, რასაც ინვესტორებს გააცნობს.

"ჯერ არ არის დასრულებული ტარიფებთან მიმართებაში ახალი მიდგომა, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება და ამის შემდეგ უკვე გადავალთ დეტალურ მოლაპარაკებებზე ყველა კონკრეტულ კომპანიასთან, ვისაც ახალი პროექტების განხორციელების სურვილი აქვს", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როდის დაიწყება ხუდონჰესის მშენებლობა, მინისტრმა კონკრეტული თარიღი ვერ დაასახელა.

"დეტალურად გამიჭირდება ამის თქმა. ეს ძალიან მასშტაბური პროექტია, ბევრ მნიშვნელოვან დეტალს შეიცავს, ამიტომ ერთი შეხედვით, გამიჭირდება საუბარი იმაზე, რომ ხვალ შეგვიძლია დავიწყოთ. თუმცა მუშაობა მიმდინარეობს და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ცნობილი გახდება", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, როგორც "ტრანს ელექტრიკაში" განმარტავენ, ინვესტორი მხარე ენერგეტიკის სამინისტროსგან გაფორმებული მემორანდუმის პირობებში აღებული გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ელოდება, რის შემდეგაც გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვები გაიმართება.

"მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის სექტემბერში სამინისტროსთან ახალი დოკუმენტაცია გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში არის ვალდებულებები, რომლებიც აქვს როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, ისე - ჩვენ. ეს დეტალები საჯარო არ არის. ამჯერად გარკვეული საკითხების დაზუსტება მიდის და ენერგეტიკის სამინისტროს ველოდებით. ყოველ შემთხვევაში, მე მინისტრთან რამდენჯერმე ვისაუბრე, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი უახლოეს ხანში გადაწყდება. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს, ის მზად არის, მხოლოდ დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ჩვენი კანონმდებლობით მოთხოვნილი არ არის, მაგრამ ჩვენ ვახორციელებთ, რადგან საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება გვინდა", - განაცხადა მირცხულავამ და დასძინა, რომ ეს სამუშაოები საქართველოში არცერთ ანალოგიურ ობიექტზე არ ჩატარებულა.

შეგახსენებთ, რომ "ტრანს ელექტრიკას" პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს. ინვესტიციის საერთო მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარია.