Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ვენახების კადასტრის შედეგად ქვეყანაში ვენახების ფართობების რეესტრი შეიქმნება

57207373e89e1
ელენე გოგბერაშვილი
27.04.16 11:57
1178
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. როგორც სააგენტოში "ბიზნესკონტაქტს" განუმარტეს, ასეთი აღრიცხვიანობის შედეგად მევენახეებს მარტივად შეეძლებათ კომუნიკაცია კერძო კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ზუსტი სტატისტიკა და წარმოჩინდება ვენახების მდგომარეობის დინამიკა.
 
"ვენახების კადასტრი მოიცავს ვენახების ფართობების რეესტრებს, ინფორმაციას ვენახებში გაშენებული ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობისა და მდგომარეობის შესახებ. კადასტრის სისტემის საფუძველია ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს გეოგრაფიულ-საინფორმაციო სისტემაზე დაფუძნებულ სატელიტურ რუკებს", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

2014 წელს შესრულებული სამუშაოს ანალიზიდან დადგინდა, რომ რაჭაში არსებობს 600,9 ჰექტარი ვენახი, რომელიც 5511 ნაკვეთის სახით არის წარმოდგენილი და ეკუთვნით უმეტესად კერძო მეურნეებს. ლეჩხუმში არსებობს 244,6 ჰექტარი ვენახი, რომელიც 2871 ნაკვეთის სახით არის წარმოდგენილი და აქაც ეკუთვნით უმეტესად კერძო მეურნეებს რაჭის მსგავსად.

"2015 წელს საკადასტრო სამუშაოები კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით გადაღებულია 13 სოფელი, 5533,4 ჰექტარი ვენახი, რომელიც წარმოდგენილია 8588 სავენახე ნაკვეთის სახით", - აცხადებენ სააგენტოში.

ვენახების კადასტრის პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში მევენახეობის ყველა რეგიონში განხორციელდება.