Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თემურ გოჩიტაშვილი: საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება

569b4f483d200
BM.GE
17.01.16 11:49
1138
"გაზსაცავი სტრატეგიული დანიშნულებისაა, რომ ჩვენი მოსახლეობა ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში უწყვეტი მიწოდებით ვუზრუნველყოთ", - აღნიშნულის შესახებ ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თემურ გოჩიტაშვილმა გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა. გოჩიტაშვილი აღნიშნავს, რომ პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოში, სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება, მისი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა კი მარტში დასრულდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.
 
"გაზსაცავის დანიშნულება სტრატეგიულია. საქმე ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა იმ რეგიონში მდებარეობს, რომელიც ძალიან მაღალი რისკებით არის გამორჩეული. აქ, უპირველესად, პოლიტიკური რისკებია და არანაკლებია კლიმატურ-გეოგრაფიული პირობებით გამოწვეული რისკები. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ 2006 წლს რუსეთიდან შემომავალი მილსადენის აფეთქება, როდესაც მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, გამოუვალი მდგომარეობა იქმნება და პრობლემების მოგვარება ექსტრემალურ სიტუაციებში ხდება და უდიდესი დანახარჯების ფასად ბოლომდე ვერც გვარდება. ჩვენ გაზს სეზონების მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაში პრაქტიკულად თანაბრად ვიღებთ მაშინ, როდესაც ზაფხულში ჩვენი მოხმარება 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ზამთარში.ზამთარში კი დეფიციტი გვაქვს და მაშინ უკვე დეფიციტური გაზი შემოგვდის, რომელიც ბაზარზე გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი. ეს ორი ძირითადი პრობლემაა, რომელსაც გაზსაცავის მშენებლობა ემსახურება. გაზსაცავი სტრატეგიული დანიშნულებისაა, რომ ჩვენი მოსახლეობა ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში უწყვეტი მიწოდებით ვუზრუნველყოთ და ასევე სუფთა ტექნოლოგიურ-კომერციული დანიშნულებაა, რომ მოვახდინოთ გაზის ნაკადების მართვა", - აღნიშნა თემურ გოჩიტაშვილმა.

თემურ გოჩიტაშვილის განცხადებით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მარტში დასრულდება და საბოლოო შეფასებების შემდეგ საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. მისივე თქმით, პროექტირება ევროგაერთიანების კანონმდებლობის თანახმად მიმდინარეობს და გაზსაცავის აშენება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოებულ მოლაპარაკებებში ელექტროენერგეტიკის სექტორშია ჩადებული, რომელიც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას გულისხმობს.

"ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, ჩვენი დასაცავი მომხმარებელი ვუზრუნველყოთ გაზით ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში. ეს მოთხოვნა ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოებულ მოლაპარაკებებში ელექტროენერგეტიკის სექტორშია ჩადებული. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მარტში დასრულდება. საბოლოო შეფასების შემდეგ ტენდერი გამოცხადდება, რომელიც ალბათ დაახლოებით 5-6 თვეს გაგრძელდება და ამ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გასაცავის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება", - აღნიშნავს გოჩიტაშვილი.