Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თედო კობახიძე: ფიზიკური პირებისთვის, დღის საათებში ხმაურზე ჯარიმა 150 ლარი, ღამის საათებში კი 300 ლარი იქნება

56e66c7217fc2
BM.GE
14.03.16 11:44
2160
პირველი სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხმაური შესაძლოა დასჯადი გახდეს. ვინ და როგორ განსაზღვრავს ხმაურის მასშტაბებს, რის საფუძველზეც კანონის დამრღვევს ჯარიმა დაეკისრება, - კანონპროექტის დეტალებზე "საქმიან დილასთან" თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, თედო კობახიძე საუბრობს.
 
- ბატონო თედო, როგორ გაკონტროლდება ხმაური?

- ჩვენი კანონპროექტის შესაბამისად, ხმაური გაკონტროლდება საპატრულო ეკიპაჟების მიერ, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კონტროლს და როდესაც 112-ზე ზარი შევა შესაბამისი ეკიპაჟი მისი ლოკაციის, მისი სამოქმედო კვადრატის მიხედვით, ადგილზე გავა. საპატრულო პოლიცია ხმაურზომით იქნება აღჭურვილი. საუბარია შემღწევ ხმაურზე. იმ სათავსოში, სადაც დადგენილ ნორმატივზე მეტი ხმაური შემოვა, როდესაც ხმაური გადაჭარბებულია, საჯარიმო სანქცია შემოვა.

- ეს ეხება მხოლოდ ბარებსა და რესტორნებს, თუ ქუჩაში, ან სახლში ნებისმიერ ხმაურს?

- დღის საათები და ღამის საათები გაყოფილია. დღის საათები მოიცავს დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე დროს, ხოლო ღამის საათები საღამოს 11 საათიდან, დილის 7 საათამდე პერიოდს მოიცავს. დღის საათებში 40 დეციბელია ზღვრული ნორმა, ხოლო საღამოს საათებში 30 დეციბელზეა საუბარი. საჯარიმო სანქციებს რაც შეეხება, საკომიტეტო მოსმენა როდესაც იყო და ეს ინიციატივა განიხილეს, შემოიტანეს წინადადება, რომ პირველ ეტაპზე გაფრთხილება ყოფილიყო, რაც რა თქმა უნდა, მისაღებია. სამი სახის სანქცია შემოვა - პირველ ეტაპზე გაფრთხილება იქნება, შემდეგ უკვე დღის საათებში ფიზიკური პირისთვის 150 ლარიანი ჯარიმა იქნება, ხოლო იურიდიული პირისთვის კი 500 ლარიან ჯარიმაზეა საუბარი. რაც შეეხება ღამის საათებს, აქ უკვე ფიზიკურ პირზე 300 ლარია, ხოლო იურიდიულ პირზე - 1000 ლარი.

- თუ ხმაური საპატრულო ეკიპაჟის მოსვლის დროს აღარ იქნება, მაშინ რა მოხდება?

- ზუსტად ამაშია საქმე. აქ საუბარი არ არის წამოყვირებასა და ერთ წუთიან ხმაურზე. ეს განგრძობითი უნდა იყოს, რომელიც პერმანენტული ხასიათისაა და ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

- როდესაც კანონპროექტი მუშავდებოდა, ბიზნესთან თუ იყო შეხვედრები?

- ეს არის ევრო დირექტივა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია. ეს ევროპარლამენტისა და ევროკომისიის მოთხოვნებია და ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს მას. იგივე საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლთან სრულ თანხვედრაშია ეს ყველაფერი. ასე, რომ მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი ამას ყოველივეს დღის სინათლეს აჩვენებს და ამას კანონის სახით ვიხილავთ. ასევე, სახალხო დამცველმა შესაბამისი განცხადება გააკეთა, პარლამენტს მიმართა, რომ აღნიშნული რეგულაციები უკვე დააწესოს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს.

- ბიზნესს შენიშვნები არ ჰქონდა?

- ბიზნესს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ აქ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. იმიტომ, რომ არის კონკრეტული ეს ბარი იქნება, რესტორანი, თუ სხვა დაწესებულება, რომელიც ხმაურს მოიცავს, ამ შემთხვევაში მრავალი ტექნოლოგია არსებობს რომლითაც ამ ხმაურის დახშობაა შესაძლებელი. ან დაიცვან უნდა ნორმები, ან დამატებითი ერთჯერადი დანახარჯის გაწევა მოუწევთ, რაც შემდგომ უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი საქმიანობას გააგრძელებენ და მოსახლეობაც მშვიდად იქნება. რაც შეეხება გარე ხმაურს, ღია ცის ქვეშ, ეს ტექნოლოგიებიც არის. თუნდაც ზღვისპირეთში არის ისეთი ტექნოლოგიები, რომ ეს ხმა შემაწუხებელი არ იყოს.

- ვთქვათ სტადიონზე მასშტაბური კონცერტის შემთხვევაში რა მოხდება?

- ასეთ შემთხვევებს არ ვეხებით. სტადიონი და თვითმფრინავი გადაიფრენს და ა.შ. ამას არანაირად არ ვეხებით.

- რა სახის აპარატურა იქნება ხმაურის განსასაზღვრად?

- წელს შესაძლებელია, რომ საქართველოს მასშტაბით, ყოველი მესამე საპატრულო ეკიპაჟი უკვე ხმაურის საზომით აღიჭურვოს. ეს საკმაოდ მობილური, ტექნიკური აპარატია, რომელიც ხმაურს ადგილზე გაზომავს. პირველ სექტემბრამდე შეგვიძლია ვიხმაუროთ.