Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თავრიზის უნივერსიტეტში საქართველოს კაბინეტი გაიხსნება

56dadf064b5d2
თელარა გელანტია
05.03.16 17:21
1244
ირანში, თავრიზის უნივერსიტეტში საქართველოს კაბინეტი გაიხსნება, - ამის შესახებ ირანში ვიზიტით მყოფ ქართველ ჟურნალისტებს თავრიზის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელმა, კავკასიოლოგმა აჰმად ფარშბაფიანმა განუცხადა და დასძინა, რომ საქართველოს ოთახი, რომელიც კავკასიოლოგიის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნება, თვე-ნახევარში გაიხსნება.

ირანელმა კავკასიოლოგმა ქართველ ჟურნალისტებს სთხოვა, გამოაგზავნონ ქართული წიგნები საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ, რომლებსაც ქართულ კაბინეტში განათავსებენ.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებაზეც ისაუბრა.

"წლების განმავლობაში, საქართველოშიც და ირანშიც იყვნენ მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ ორივე ქვეყნის კულტურასა და ისტორიაზე. ისლამური რევოლუციის შემდეგ, რამდენიმე წელი ეს კონტაქტი შეწყდა და შემდეგ ისევ განახლდა. მე მინდა ამ თემას შევხედო თავრიზის უნივერსიტეტის მხრიდან. კავკასიოლოგიის ფაკულტეტის ფარგლებში ჩვენ 5-6 წელია დავიწყეთ საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი-კვიპროსთან. ორი კვირის წინ თავრიზში ქუთაისის უნივერსიტეტიდან დელეგაცია გვყავდა უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით. ვისუაბრეთ თანამშრომლობის საკითხებზე და გადავწყვიტეთ, რომ ორი თვის შემდეგ თავრიზის უნივერსიტეტის დელეგაცია თბილისსა და ქუთაისში ჩავა, სადა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს გავაფორმებთ. სურვილი გვაქვს რომ ქართველი და ირანელი ახალგაზრდების სასწავლო, გაცვლითი პროგრამები დავიწყოთ", - განაცხადა თავრიზის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, უკვე გადაწყვეტილია და ოთხი ქართველი სტუდენტი თავრიზის უნივერსიტეტში ისწავლის მაგისტრატურაზე.

აჰმად ფარშბაფიანმა ასევე ისაუბრა იმ ირანელ სტუდენტებზე, რომლებიც საქართველოში სწავლობენ და იმ ფონზე, როცა მისი თქმით, ირანში სამედიცინო განათლების სისტემა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე საქართველოში, ირანელი სტუდენტების საქართველოთი დაინტერესება მათი საზღვარგარეთ კვლევების ჩატარების ინტერესით ახსნა. თუმცა მისი განმარტებით, საქართველოში მიღებული განათლებით ისინი ირანში მუშაობის დაწყებას ვერ შეძლებენ.

"საქართველოში მიღებული ცოდნა საკმარისი არ არის და ისინი ვალდებულნი არიან 2-3 წელი ირანში გააგრძელონ სწავლა და კვლევები", - აღნიშნა მან.