Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ზრდით, მთავრობა შემოსავლების 90 მილიონი ლარით გაზრდას ელოდება

5655679a4343a
BM.GE
25.11.15 11:39
1410
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდით, მთავრობა საბიუჯეტო შემოსავლების 90 მილიონი ლარით გაზრდას ვარაუდობს.
 
კანონპროექტი ითვალისწინებს 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას: - ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; - უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; - სიგარებზე ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; - ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთის იზრდება 5- დან 10 პროცენტამდე.

ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთის - 10 ლარამდე გაზრდას.

როგონც კანონპროექტშია აღნიშნული, მისი მიღება სავარაუდოდ დაახლოებით 90 მილიონი ლარით გაზრდის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.

კანონპროექტის მიხედვით, მისი მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია.

აქციზის განაკვეთის ზრის კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, მისი განხილვა პარლამენტში ნოემბრის თვეშია ჩანიშნული.

აქციზის განაკვეთის გაზრდის თაობაზე, ინფორმაციას არ ფლობდნენ ბიზნესის წარმომადგენლების. როგორც კომპანია "JTI კავკასიას" წარმომადგენელმა ივა ხასიამ, გადაცემა "ბიზნესკონტატქში" განაცხადა, აქციზის მორიგი მატების შესახებ, მათ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონიათ. ხასია განმარტავს, რომ მთავარი პრობლემა არა გადასახადის მატება, არამედ ბიზნესთან კომუნიკაციის ფორმატია. "მრავალჯერ გაჟღერდა დაპირება, რომ ბიზნესი იქნებოდა ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ფაქტის წინაშე გვაყენებენ. დროც აღარ რჩება, რომ ბიზნესმა მოახერხოს გადაწყობა და დაგეგმვა შესაბამისად", - განაცხადა ივა ხასიამ.