22.Feb.2016 21:33
Society

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები საქართველოდან კანონის გვერდის ავლით გაიყვანეს

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები საქართველოდან კანონის გვერდის ავლით გაიყვანეს
საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვები საქართველოდან მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით გაიყვანეს, - ამის შესახებ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული. ბავშვების გადაყვანა, სხვა ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტებით დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში მოხდა. მსგავსი ფაქტი 6 ახალშობილზე დაფიქსირდა.
 
სუროგაციის გზით საქართველოში დაბადებული ბავშვების საქართველოდან გაყვანის ირგვლივ შექმნილი პრობლემების მოგვარების და კონტროლის გამკაცრების მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, დამატებითი მექანიზმების შემუშავებას ითვალისწინებს. „საქართველოდან ბავშვის ამ გზით გაყვანისას იქმნება მისი ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის რეალური საფრთხე", - ნათქვამია კანონპროექტში. ისიცირებული კანონპროექტის თანახმად, ბავშვების ქვეყნიდან გაყვანა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ორივე მშობლის ვინაობა მოწმობაში იქნება მითითებული. 

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 2015 წლის მონაცემებით, ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 225 განცხადება დარეგისტრირდა. მათგან 169 დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა და არავითარი პრობლემა არ შექმნიათ მშობლებს თავიანთი უფლებების განხორციელებაში. 225 განცხადებიდან 45 დაბადების აქტი დარეგისტრირდა მშობლების მონაცემების მითითების გარეშე, რომელთაგან 11 დაბადების აქტს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მომდევნო 3-4 თვეში ჩაემატა მშობლების შესახებ მონაცემები. დავების დანარჩენი ნაწილის სასამართლოში განხილვის პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა.

"მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური მშობლების დიდი უმრავლესობა პატივს სცემს და იცავს ქართულ კანონს, 2015 წელს დაფიქსირდა 6 შემთხვევა, როდესაც, უცხოელი წყვილები არ დაელოდნენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც უნდა დაედასტურებინა ან უნდა უარეყო, რომ ისინი ნამდვილად მოცემული ბავშვების იურიდიული მშობლები იყვნენ, დაუკავშირდნენ თავიანთი მოქალაქეობის ქვეყნების შესაბამის ორგანოებს, მოკლე დროში მოიპოვეს ბავშვისათვის საბუთები და ეს ბავშვები საქართველოდან გაიყვანეს, როგორც თავიანთი ქვეყნის მოქალაქეები", - ნათქვამია კანონპროექტში. ამჟამად საქართველოს უფლებამოსილი სტრუქტურების მიერ მიმდინარეობს პროცესი იმის გასარკვევად, თუ როგორ და რა პროცედურების შედეგად გახდა ამგვარი საბუთების მოპოვება შესაძლებელი და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებულმა ექვსმა წყვილმა მოიპოვა თუ არა მშობლის უფლება საქართველოში სუროგაციით დაბადებულ ბავშვებზე.

კანონპროექტის თანახმად, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონს ემატება ახალი 491 მუხლი, რომელიც ადგენს საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანის კონტროლის დამატებით მექანიზმს და განსაზღვრავს, რომ ამ კატეგორიის ბავშვის საქართველოდან გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შესრულებულ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის ორივე მშობელია მითითებული. ამასთან, საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება.



14.Aug.2019 19:51
93

Investigation Service has Uncovered a major tax fraud scheme, 38 people are detained

More
14.Aug.2019 15:22
75

Ivane Machavariani - Georgian Broadcasters - "Imedi", "Rustavi 2" and "Maestro" have debts to State Budget

More
12.Aug.2019 21:08
93

National Geographic to Prepare Publications on Mountain Resorts and National Parks of Georgia

More
12.Aug.2019 19:40
65

Kibar Khalvashi Unveils Plans to Sell Rustavi 2 TV

More
09.Aug.2019 18:30
125

Review on Georgian Economy - Galt & Taggart

More
09.Aug.2019 18:27
48

U.S. Calls on Russia to Reverse Occupied Abkhazia, Tskhinvali Region Recognition

More