30.Mar .2016 15:25

სატრანსპორტო კომპანია North and East line-ი გზათსარგებლობის გადასახადის გაზრდას ითხოვს

views 986
Back

სატრანსპორტო კომპანია North and East line-ი გზათსარგებლობის გადასახადის გაზრდას ითხოვს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" კომპანიის დამფუძნებელმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა, აღნიშნული გადასახადის გაზრდა მოხსნის იმ პრობლემას, რის გამოც ქართველ გადამზიდავებს უკვე მესამე დღეა, რაც ფოთში საბაჟო ტერმინალები გადაკეტილი აქვთ. ასევე, მისი თქმით, დღეს საზღვაო ხაზის კარკასის გემმა ნავსადგურში დადგომაზე უარი თქვა, რადგან იცის რომ გემის დაცლას აზრი არ აქვს.
 
"ბაქოს მიმართულებით გადაზიდვებს თავად აზერბაიჯანელი მძღოლები დაეპატრონენ, რის გამოც ქართველი მძღოლები უმუშევრად არიან დარჩენილები. ეს მდგომარეობა უკვე წელიწადზე მეტია, რაც არის. პრობლემა იმის გამო წარმოიქმნა, რომ ქართველი მძღოლები აზერბაიჯანში გადასვლისას იმაზე მეტ გადასახადს იხდიან, ვიდრე აზერბაიჯანელები - საქართველოში. ამის გამო, აზერბაიჯანელი მძღოლები კლიენტებს მომსახურებას გაცილებით ნაკლებ ფასად სთავაზობენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად ქართულმა მხარემ გზათსარგებლობლობის 200 ლარიანი გადასახადი უნდა გაზარდოს. ეს გადასახადი აზერბაიჯანში 345 დოლარს შეადგენს", - განაცხადა ჯღარკავამ.

ამ ეტაპზე ფოთის საბაჟო ტექმინალზე “North and East line”-ის სამ მანქანასთან ერთად, ყველა მანქანა გაჩერებულია.

"ამ პროცესში იქ გაჩერებული ტვირთების მფლობელი კომპანიები ზარალდებიან. ჩემი ინფორმაციით, ადგილზე ფოთის მერიის წარმომადგენელმა გაფიცულ მძღოლებს უთხრა, რომ სამშაბათს მათთან სასაუბროდ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ჩავა. მანამდე კი მძღოლები გაფიცვის გაგრძელებას აპირებენ და ითხოვენ, რომ აზერბაიჯენელი გადამზიდავები ქვეყანაში საერთოდ აღარ შემოუშვან", - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.