საქართველოში მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია შეიქმნა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ასოციაციაში როგორც სატელეფონო, ასევე ინტერნეტ პროვაიდერები და საკაბელო ტელევიზიებიც ერთიანდებიან. უჩა სეთური ამბობს, რომ მათ პირველი განცხადებით მარეგულერებელ ორგანოს უკვე მიმართეს.
"საუბარია თბილისიდან რეგიონებში ინტერნეტის იაფად ჩატანაზე, ანუ სატრანზიტო ქსელის გამოყენებით ტარიფების გაიაფებაზე. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ. გარდა ამისა, ეს პირდაპირ ინტერნეტის ფასების შემცირებას და ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და ზოგადად ქვეყნის ინტერნეტ დაფარვის მაჩვენებლის გაუმჯობესებას", - აცხადებს უჩა სეთური.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და კომპანიების ნაწილი "გადარჩენისთვის იბრძვის". სეთურის განმარტებით, მცირე კომპანიებისთვის სხვადასხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი არაა.
ამ ეტაპზე ასოციაცია 30-მდე კომპანიას აერთიანებს.