Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ამერიკულ სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ

56cc7de6baccc
დავით ჯალაღონია
23.02.16 19:36
1222
საქართველოში ამერიკულ სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ. როგორც "ბიზნესკონტაქტს" მეწარმეობის სააგენტდან აცნობეს, სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის ფარგლებში პირველი განაცხადი ამერიკულმა კომპანიამ Noirtainment უკვე დაარეგისტრირა. სერიალის პროდუსერი გელა ენდრიუ სული იქნება.

"სერიალის სიუჟეტი ასეთია: ამერიკელი ჟურნალისტი გაიგებს, რომ წარმოშობით ქართველია და სწორედ წარმომავლობის გასარკვევად ჩამოდის საქართველოში, სადაც უკვე ძირითადი სცენარი ვითარდება", - განმარტავენ სააგენტოში.

სერიალის გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება. აღნიშნული პროგრამის პირობებიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მსურველი, ანუ მეწარმეობის სააგენტოში განცხადების ავტორი საქართველოში რეგისტრირებული ფირმა უნდა იყოს. ამიტომ ქართული შპს „ალიონი“ შეიქმნა, რომლმაც ამერიკული Noirtainment-ის მოთხოვნით სააგენტოში განაცხადი შეიტანა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ე.წ. Cash Rebate მექანიზმის გაცნობისა და ზოგადად, კომპონენტის პოპულარიზაციის კუთხით, აქცენტი კეთდება სამიზნე კინობაზრებზე ამერიკისა და ინდოეთის მასშტაბით, სადაც Road Show-ების გამართვის გზით პროგრამის უშუალოდ წარდგენა მოხდება. პრეზენტაციები უახლოეს მომავალში ინდოეთში, კანსა და ლოს-ანჯელესში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამის მიხედვით, კომპანიებსა და პროდუსერებს საქართველოში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე აუნაზღაურება.