Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ არის სამომხმარებლო სესხი ძვირი და რა უნდა ვიცოდეთ მის აღებამდე

56cc44fd61363
ანა ბეროშვილი
23.02.16 15:35
1692
სამომხმარებლო სესხი არის კრედიტი, რომელსაც იღებთ პირადი მოხმარებისთვის გარკვეული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. სამომხმარებლო სესხით თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების, მოგზაურობის თუ სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება.
 
სამომხმარებლო სესხი, როგორც წესი, მოკლევადიანი და არამიზნობრივი სესხია. შესაბამისად, სხვა სესხებთან შედარებით ძვირია. საპროცენტო განაკვეთი ძირითადად დამოკიდებულია სესხის ვადაზე, მოცულობაზე და თქვენს შემოსავალზე. სამომხმარებლო სესხი გაიცემა მომხმარებლის მუდმივი შემოსავლის მიხედვით. სესხის მოცულობის ზედა ზღვარი ყველა ბანკის შემთხვევაში ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სესხის მოცულობის და ვადის მიხედვით ბანკმა შესაძლოა მოითხოვოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. სესხის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თქვენი შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით. შეიძლება, ბანკმა სესხის უზრუნველყოფისთვის თავდები პირიც მოითხოვოს. რაც შეეხება სესხის ვადას, ის 1-დან 120 თვემდე მერყეობს. სამომხმარებლო სესხი შესაძლებელია ავიღოთ, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში. ბოლო პერიოდში კომერციული ბანკები სამომხმარებლო სესხის გაცემისას მომხმარებლებს სიცოცხლის დაზღვევას სთხოვენ.

სესხის აღებამდე გაითვალისწინეთ:

• წინასწარ გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები
• გადასახდელია დამტკიცების საკომისიო (საშუალოდ 2%-ს)
• იხდით განაღდების საკომისიოს (სახელფასო პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალურია)
• სესხის წინსწრების საკომისიო მაქსიმუმ 2%-ს შეადგენს

რაც შეეხება, წლიურ საპროცენტო განაკვეთს კომერციული ბანკები სხვადასხვა პირობებს გვთავაზობენ და ის საშუალოდ 10%-იდან იწყება. ზემოთ აღნიშნული დამატებითი დანახარჯები აძვირებს სესხის მომსახურებას და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 10%-ზე მეტი გამოდის.

საზოგადოება და ბანკები