Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"უნივერსიტეტი უფრო მაღალი აკადემიური ცოდნის მქონე, მასწავლებლობის მსურველებს უნდა უშვებდეს"

56e12dd9c8d13
BM.GE
10.03.16 12:15
1251
უნივერსიტეტები ბევრად უფრო მაღალი დონის აკადემიური განათლების მქონე მასწავლებლობის მსურველებს უნდა უშვებდეს, - აღნიშნულის შესახებ გადაცემაში "საქმიანი დილა" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, პროფესიულ გამოცდაზე რეგისტრირებულ პედაგოგთა უმეტესობა არ გადის. როგორც რატიანი განმარტავს, გამოცდების შემოღების პირველ წლებში მინიმალურ ზღვარს დაახლოებით 30 პროცენტი ლახავდა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ ის მასწავლებლები ვინც საკუთარ ცოდნაში თავდაჯერებულები იყვნენ გამოცდაზე პირველივე წლებში გავიდნენ.
 
"დღეს პედაგოგიკაში ძალიან ბევრი ლიტერატურაა ქართულ ენაზე ნათარგმნი. მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაიარონ გადამზადების კურსები, მაგრამ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში მომზადება და გადამზადება.

საუნივერსიტეტო განათლება ბევრად უფრო მაღალ დონეზე უნდა უშვებდეს აკადემიური განათლებისა და ცოდნის მქონე მასწავლებლობის მსურველებს. ტრენინგები რა ხანგრძლივობისაც არ უნდა იყოს ის, ვერ ჩაანაცვლებს მასწავლებლის მომზადების დონეს", - ამბობს რატიანი. მისივე თქმით, მასწავლებლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარე მოტივაციასაც, რაც უმეტესად სახელფასო დანამატთან ასოცირდება.

„განხილვის საკითხია, ის თუ რამდენად ჰქონდა მასწავლებელს მოტივაცია რაიმე ეკეთებინა და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ეზრუნა. მასწავლებლისთვის არა მხოლოდ შიდა პიროვნული ფაქტორები, არამედ გარე ფაქტორებიც მოქმედებს. შეპირება იყო რომ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი ექნებოდათ, თუმცა ეს არ შესრულდა. ეს კი მოტივაციის დამგდები იყო. აქედან გამომდინარე, მასწავლებლების ნაწილი გამოცდაზე საერთოდ არ გავიდა. 60 ლარიანი მატების გამო, მასწავლებლები არ იწუხებდნენ თავს და არ გადიოდნენ გამოცდაზე.

რაც არ უნდა გააკეთოს დღეს განთლების სამინისტრომ შედეგი ერთ წელიწადში არ იქნება. დღეს საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები დაიწყო და მასწავლებლებშიც ვხედავთ, რომ არის დადებითი შედეგები.

ასევე, მცირდება იმ მასწავლებლების რაოდენობა ვინც სერტიფიცირებულია, თუმცა დასაქმებული არაა.

გარე მოტივაციის ნაწილშიც, უკვე გაცხადებულია, რომ კიდევ ერთი სახელფასო მატება იქნება აპრილში", - განაცხადა მანანა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა.

პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა გადალახა. ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე მისული 1 167 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 94-მა პედაგოგმა, ანუ დაახლოებით 8.%-მა შეძლო.

381-დან მხოლოდ 26-მა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 7%-მა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, 317-დან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 15%-მა მოახერხა.

საერთო რაოდენობის 9%-მა გადალახა ზღვარი ბუნებისმეტყველებაში. 19.%-მა ფიზიკაში და თითქმის 17%-მა ქიმიაში.

რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა, საიდანაც ზღვარის გადალახვა 83-მა შეძლო, 29-დან 10-მა დაამტკიცა თავის კომპეტენცია გერმანულ ენაში, რაც შეეხება რუსულს, ამ შემთხვევაში ზღვარის გადალახვა გამოცდაზე გასული საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა შეძლო.

უნდა ითქვას, რომ ჩატარებული 19 საგნობრივი გამოცდიდადნ რუსული ენის 55%-იანი შედეგი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იგივე ტენდენცია იყო წინა გამოცდაზეც. რუსული ენის 336 მასწავლებლიდან 162-მა ჩააბარა გამოცდა 2015 წლის ივლისში ჩატარებულ გამოცდის დროსაც. ყველაზე ტრაგიკული შედეგი წინა ჯერზეც დაწყებითმა კლასის პედაგოგებმა აჩვენეს, რომლის მიხედვითაც გამოცდაზე მისული 2 281 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 90-მა ანუ 3.9%-მა შეძლო.

მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროფესიული განვითარების სქემის განხორციელების პროცესში მოქმედ მასწავლებლებს იგივე გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა კიდევ ხუთჯერ მიეცემათ.