Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"თბილისის თამბაქოს" მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა

56fbaf780c190
BM.GE
30.03.16 14:47
1075
სსიპ - კონკურენციის სააგენტომ დაასრულა კიდევ ერთი საქმის მოკვლევა,  სს "თბილისის თამბაქო“-ს მიერ "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე.
 
საჩივარი ეხებოდა მოპასუხის - სს "თბილისის თამბაქო"-ს მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მფლობელი კომპანიების მიმართ არათანასწორი მოპყრობის სავარაუდო ფაქტს. კერძოდ, მომჩივანი და მისი კონკურენტი კომპანია შპს "დიუთი ფრი ალიანსი" ფლობენ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებს (Duty Free) წითელი ხიდის, სადახლოს და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტების ტერიტორიაზე. როგორც საჩივარში იყო აღნიშნული, საქართველოში სიგარეტის მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიამ სს "თბილისის თამბაქომ“ 2015 წლის ზაფხულში მომჩივანს ცალმხრივად გაუწყვიტა სიგარეტ „პირველის“ მიწოდებაზე ხელშეკრულება და მის კონკურენტ კომპანიასთან - შპს "დიუთი ფრი ალიანს“-თან გააფორმა ექსკლუზიური კონტრაქტი პროდუქტის მიწოდებაზე.

"სააგენტომ შესაბამის გეოგრაფიულ ბაზრად მიიჩნია არა განსახილველი საქონლის წარმოებისა და გაყიდვის ზოგადი არეალი, არამედ მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის ტერიტორია, კერძოდ - საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები. ამავდროულად, სააგენტომ ცალ-ცალკე ბაზრად მიიჩნია სადახლოს, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები, იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოთვლილთაგან თითოეული ტერიტორია წარმოადგენს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ზონას, სადაც მომხმარებელი ხვდება სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ და ამავდროულად, ეს ტერიტორია შემოსაზღვრულია. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აღნიშნული ბაზარი (თითოეული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორია) წარმოადგენს იზოლირებულ ბაზარს, რომელსაც გააჩნია შესვლის მაღალი ბარიერები, რაც განაპირობებს მის ცალკე გეოგრაფიულ ბაზრად ჩამოყალიბებას. ანალოგიური მიდგომა შეინიშნება საზღვარგარეთის ქვეყნებშიც, მათ შორის ევროკომისიის მხრიდან.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შესაბამის გეოგრაფიულ ბაზრად განისაზღვრა თითოეული ის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორია (სასაზღვრო გამშვები პუნქტის ნეიტრალური ზონა), სადაც შპს "დუთი ფრი ჯორჯია“-სა და შპს "დიუთი ფრი ალიანს“-ს გააჩნიათ თანაკვეთა, კერძოდ, სადახლოს, წითელი ხიდისა და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტების ტერიტორია.

ამავდროულად, ვინაიდან ყველა აღნიშნულ პუნქტზე გაყიდვებისა და ბიზნესის წარმოების სპეციფიკა ერთი და იგივეა და ბაზარზე მოქმედი სუბიექტები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან, სამივე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის რაოდენობრივი მახასიათებლები მოკვლევის ჯგუფმა განიხილა ჯამურად და ამ ფორმით გამოთვალა ეკონომიკურ აგენტთა წილები.

რაც შეეხება ბაზრის პროდუქციულ საზღვრებს, სააგენტომ ამ შემთხვევაში ჩანაცვლებადობის საკითხზე მსჯელობისას ყურადღება მიაქცია ფილტრიანი სიგარეტის მოთხოვნის ელასტიკურობას ფასის ცვლილების მიმართ, ასევე ჩაატარა სპეციალური გამოკითხვა მომხმარებელთა ქცევის კვლევის მიზნით შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარზე და გაითვალისწინა საერთაშორისო პრაქტიკა და ევროკომისიის ქეისები, რომელიც მიესადაგებოდა განსახილველ შემთხვევას. აღნიშნულის საფუძველზე, მოკვლევის ჯგუფმა მიიჩნია, რომ სიგარეტი "პირველი“, და ზოგადად, ქართული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი არ ქმნის ცალკე ბაზარს და შესაბამის პროდუქციულ ბაზრად მიჩნეულ იქნა ფილტრიანი სიგარეტის ბაზარი.

შესაბამის ბაზარზე წილის გამოთვლა მოხდა შპს "დიუთი ფრი ალიანსი“-სა და შპს "დუთი ფრი ჯორჯია“-ს მიერ 2015 წლის იანვრიდან სექტემბრამდე (სწორედ ამ პერიოდშია მოქცეული ის თარიღი, როდესაც სს ,,თბილისის თამბაქო“-მ შპს "დუთი ფრი ჯორჯია"-ს შეუწყვიტა ხელშეკრულება) ჯამურად გაყიდული ფილტრიანი სიგარეტების რაოდენობიდან, რის შედეგადაც, დადგინდა, რომ სს "თბილისის თამბაქო“-ს წილი შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარზე მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა დომინირებული მდგომარეობის არსებობის დასადასტურებლად საჭირო მაჩვენებელს და დადგინდა, რომ განსახილველი ქმედების დროს (და არც მის შემდგომ) სს "თბილისის თამბაქო“-ს არ გააჩნდა დომინირებული მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე.

ამასთან, სს "თბილისის თამბაქო“-ს მხრიდან ხორციელდება მის მიერ წარმოებული პროდუქციის მიწოდება ვერტიკალურად დაკავშირებულ ბაზარზე მოქმედი ორი ეკონომიკური აგენტიდან ერთ-ერთისათვის. ხსენებული ქმედება ცალსახად წარმოადგენს არსებითად თანასწორი ეკონომიკური აგენტების მიმართ არათანასწორ მიდგომას, ანუ დისკრიმინაციას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გვექნებოდა სს "თბილისის თამბაქო“-ს დომინირებული მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე, აღნიშნული ქმედება, მაღალი ალბათობით, სააგენტოს მხრიდან განიხილებოდა, როგორც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევა.

სააგენტომ გადაწყვიტა, რომ განხილულ შემთხვევაში, არ იქნა დადგენილი სს "თბილისის თამბაქო“-ს მიერ "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ფაქტი”, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში.