Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველო მაქსიმალურად იყენებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობებს"

570b67ff5b87b
BM.GE
11.04.16 13:00
1292
საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, სატრანზიტო პოტენციალზე და ბიზნესის სიმარტივის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პლენალურ სესიაზე- „Global Leaders Debate.“

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ თავისუფალ, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს. მისი განმარტებით, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის მიმზიდველობა.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. 2014 წელს დაფიქსირდა 80-პროცენტიანი ზრდა და ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი. ამ ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა, უწყვეტი რეფორმები ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, მტკიცე საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა. საქართველო მაქსიმალურად იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობს ორი წლის წინ ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. ასე რომ, ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ხელსაყრელია ინვესტირება საქართველოში. მნიშვნელოვანია საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი მაღალი შედეგები სხვადასხვა ბიზნესრეიტინგში, ჩვენი დაბალი გადასახადები. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, გადასახადების სიმსუბუქის კუთხით ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სამომავლო რეფორმების გეგმებზეც ისაუბრა.

“გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი და რომელთა მიზანიცაა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რაც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს (პორტის ყოველწლიური ტვირთბრუნვა იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში),”-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ინვესტორთა საბჭოს შესახებ და განაცხადა, რომ ბიზნესსაზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა საქართველოში ტრადიციად იქცა.

“სულ ახლახანს ჩვენ დავაარსეთ ინვესტორთა საბჭო, რომელიც თავს უყრის ყველა მსხვილ ინვესტორსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსხვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პლენარული სესიის დებატებს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო ექსპერტი კორნელია მეიერი.