Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქაერონავიგაციასა" და კომპანია "Thales"-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

56c5886a2c5ce
BM.GE
18.02.16 12:59
1011
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციასა" და კომპანია "Thales" შორის სარადარო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის ღირებულება 2 მილიონი ევროა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს "საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანია "Thales"-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოლივიერ აჩარდიმ.
 
ხელშეკრულების მიხედვით, ფრანგული კომპანია ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს საქართველოში არსებული სამი რადიოლოკატორის ტექნიკური მხარდაჭერა, სისტემისა და პროგრამული უზრუნველყოფის გეგმიური განახლება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომპანია "Thales"-ის წარმომადგენლის მიერ რადიოლოკატორების ტექნიკური შემოწმება წელიწადში ერთხელ, რომლის საფუძველზეც მომზადდება ყოველწლიური ანგარიში. რადარების ტექნიკური პარამეტრები მუდმივ რეჟიმში აისახება "Thales"-ის სათაო ოფისის ტექნიკურ ბაზაში და საჭიროების შემთხვევაში მომსახურება განხორციელდება ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ასევე დაგეგმილია შპს „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლების თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგი საფრანგეთში.

"კომპანია THALES GROUP ფრანგული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც აპროექტებს და აშენებს ელექტრონულ სისტემებს და სთავაზობს სერვისებს საჰაერო სივრცის, თავდაცვის, ტრანსპორტისა და უშიშროების სფეროში მომუშავე კომპანიებს. THALES GROUP-ს 50-ზე მეტ ქვეყანაში 68 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. საჰაერო სივრცის მართვის სფეროში კომპანია "Thales"-ის მიერ წარმოებული სისტემები ყველაზე სანდოა. "Thales"-ის სანავიგაციო სისტემებს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყანა იყენებს. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში სამი აფრენილი თვითმფრინავიდან ორი "Thales"-ის სისტემების მეშვეობით კონტროლდება", - განაცხადა შპს "საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

კომპანია "Thales"-ის ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით, შპს 'საქაერონავიგაციის" სარადარო სისტემები მუდმივად შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო ნორმებთან და რეკომენდაციებთან, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს კომპანიას ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ეფექტურად მოემსახუროს ავიაკომპანიებს.