Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“შავი პარასკევის” ონლაინ-შესყიდვები აშშ-ში: $9.12 მლრდ

BM.GE
28.11.22 09:39
90
როგორც აღმოჩნდა წლევანდელ შავ პარასკევს ამერიკელმა მომხმარებლებმა ონლაინ შოპინგზე რეკორდული 9,12 მლრდ დოლარი დახარჯეს. ამის შესახებ Adobe-ის ანგარიშში არის ნათქვამი, რომელიც საცალო მოვაჭრეთა ვებგვერდებზე გაყიდვებს აკვირდება. 

Adobe-ის მონაცემებით, მადლიერების დღის შემდეგ მთლიანი ონლაინ გაყიდვები წლიური თვალსაზრისით 2.3%-ით გაიზარდა. მასში მთავარი წილი ელექტრონიკას უკავია, რომლის ონლაინ გაყიდვები ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელზე 221%-ით გაიზარდა. კიდევ ერთი პოპულარული კატეგორია სათამაშოებია, რომელმაც ონლაინ გაყიდვებში 285%-იანი წილი დაიკავა, ხოლო სავარჯიშო აღჭურვილობის წილმა 218% შეადგინა. 

CNBC-ის შეფასებით, მაღალ ფასებისა და ინფლაციის გამო მოქნილი გადახდის სისტემა შავ პარასკევს ბევრი მომხმარებლისთვის მისაღები აღმოჩნდა. კერძოდ, „იყიდე ახლა გადაიხადე მოგვიანებით“ სისტემის (Buy Now Pay Later) გადახდები, 19 ნოემბრიდან დაწყებულ კვირასთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა, ხოლო ასეთი გადახდის სისტემის შემოსავალი იმავე პერიოდისთვის 81%-ით გაიზარდა.

ანგარიშის მიხედვით, წლევანდელი ყველაზე პოპულარული პროდუქტები იყო სათამაშო კონსოლები, დრონები, Apple MacBooks, Dyson-ის პროდუქტები და სათამაშოები, როგორიც არის Fortnite, Roblox, Bluey, Funko Pop! და Disney Encanto. შავი პარასკევის მყიდველებმა, ასევე, მობილური ტელეფონის შესაძენი შეკვეთებით დაამყარეს რეკორდი, რადგან ონლაინ გაყიდვების 48% სმარტფონების წილმა შეადგინა, რაც გასულ წელზე 44%-ით მეტია. ეს რეკორდული დანახარჯები მადლიერების დღის ძლიერ შოპინგს მოჰყვა, რა დროსაც მომხმარებლებმა ყველა დროის ყველაზე მაღალი ოდენობა, 5,29 მლრდ დოლარი დახარჯეს. ეს, წინა წლის მადლიერების დღესთან შედარებით, 2,9%-ით მეტია. 

Adobe-ის თანახმად, მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში, როგორც წესი, დღეში 2-დან 3 მლრდ დოლარამდე ხარჯავენ. ელექტრონული კომერციის აქტივობა შავი პარასკევის დასრულების შემდეგ, შაბათ-კვირის განმავლობაშიც ძლიერი რჩება.

Adobe მოელის, რომ წლის ყველაზე დიდი ონლაინ შოპინგის დღის, ანუ კიბერორშაბათის წინ მომხმარებლების შაბათის დანახარჯი 4,52 მლრდ დოლარს, ხოლო კვირის შესყიდვები 4,99 მლრდ დოლარს შეადგენს.

Adobe-ის თანახმად, წელს კიბერორშაბათი 11,2 მლრდ დოლარის დანახარჯს გამოიწვევს, რაც, წინა წელთან შედარებით, 5,1%-ით მეტია.