Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ქართულმა ბიზნესმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ასოცირების შეთანხმების შესაძლებლობები"

56f00b712ac54
BM.GE
21.03.16 18:54
1046
ევროინტეგრაცია ყოველთვის იყო და არის ქართველი ხალხის არჩევანი – ამ განცხადებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ესწრება.
 
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო გაატარებს ყველა საჭირო რეფორმას, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრირებას და მეორე მხრივ, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.

"ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პროცესში, რომელსაც ავყავართ ხარისხობრივად ახალ დონეზე. ასოცირების ხელშეკრულება არის ძალიან ამბიციური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ორმხრივი ვაჭრობის გაზრდასა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ ინტეგრაციასა და საქართველოში ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის დამკვიდრებასაც. გარდა ამის, ამ პროცესის შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვებას ევროკავშირის კანონებთან", – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქართულმა ბიზნესმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის შესაძლებობები, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა. სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, იმ სარგებელზე, რომელსაც ეს შეთანხმება ბიზნესსექტორს სთავაზობს. ასევე დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესზე.

მალმსტრომის თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე 18 თვეა ამოქმედებულია და ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვა.
კერძოდ, საქართველოს ექსპორტის 1/3 სწორედ ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება, ასევე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

"ეს დიდი მიღწევაა და ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნა სესილია მალმსტრომმა.

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა. შეხვედრაში ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, ასევე ევროკავშირის დელეგაცია და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.