Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მეფრინველეობის დარგში, ფერმერები ორასი ათასიან ბრუნვაზე ბუქსაობენ"

56d99daec31cd
BM.GE
04.03.16 18:14
1516
უკვე რამდენიმე წელია ბიზნესი ქართული ქათმის ხორცის დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს. ამ თემაზე შპს „როსტერის“ ხელმძღვანელი როსტომ პაპიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრობს.
 
- ამ ეტაპზე შეიცვალა თუ არა მდგომარეობა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, რა არის აქტიური საკითხი რაზეც თქვენ გჭირდებათ აქტიური კომუნიკაცია ხელისუფლებასთან?

- არაფერი არ შეიცვალა. ვერ მოიცალა სახელმწიფომ ჩვენთვის და აუცილებლად უნდა მოიცალოს. პრემიერის იმედი გვაქვს, ვინაიდან ვაკვირდებით, რომ იგი ხვდება მცირე მწარმოებლებს. უშუალოდ ისმენს მათ გულისტკივილს და დარწმუნებული ვარ, გუნდი ამ ყველაფერს იწერს და სამომავლოდ შეუწყობენ ხელს. ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოგვაქცევს ყურადღებას და გამოყოფს გუნდს, რომელიც ჩვენს ნააზრევს დაითვლის და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დარჩება მომგებიან პოზიციაში.

- თუ სწორად გავიგე, თქვენი მოთხოვნა არის, რომ დღგ გაუქმდეს მწარმოებლებისთვის მეფრინველეობის მიმართულებით. ეს იმ ფონზე, როდესაც სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულება გათავისუფლებულია შესაბამისი გადასახადისგან...

- საქართველოში სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქცია გათავისუფლებულია დამატებითი გადასახადისგან, გარდა ქათმისა და კვერცხისა. ეს ცალსახად გვაყენებს არათანაბარ პირობებში. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ არ მგონია მომხმარებელს შეეძლოს 18 პროცენტით მეტის გადახდა. როდესაც ჩვენ 18 პროცენტით მეტს ვარიცხავთ საქონელს, შესაბამისად მომხმარებელი ვეღარ ყიდულობს გაძვირებულ პროდუქციას და ყიდულობს უსახელო და უგვარო ქვეყნებიდან შემოტანილს გაყინული პროდუქტის სახით, რომელიც შედარებით იაფია.

- რა სარგებელს მოიტანს მეფრინველეობისთვის დამატებითი გადასახადის მოხსნა?

- მოგებული დარჩება ფერმერიც, სახელმწიფოც და მომხმარებელიც. ასევე ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები - უფასო მიწის მოხვნა, ასევე "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში და ა.შ. რასაც მივესალმებით და მოგვწონს კიდეც, მაგრამ ავიღოთ კონკრეტულად ის ფერმერი, რომელმაც მიწა დაამუშავა სახელმწიფოს ხელშეწყობით. მან რომ მარცვალი გაყიდოს, უნდა იყიდოს მეფრინველემ, მეღორემ და ა.შ. ჩვენ ვიყიდეთ იორმუნღალოს ნაკვეთიდან 1250 ტონა მარცვალი, რომელიც ვიცით, რომ ხარისხიანია და სხვებიც ასე ფიქრობენ, რომ ქართული პროდუქტი უფრო ხარისხიანია ვიდრე უკრაინული და რუსული. როდესაც ვიყიდეთ მარცვალი, მას არ მოყვება დამატებითი ღირებულების გადასახადი. ჩვენ ვარიცხავთ ზედ იმისთვის, რომ სახელმწიფოს მივუტანოთ 18 პროცენტი და იხდის მომხმარებელი, ის ვინც ქათმის ხორცის შესყიდვას აპირებს. მაგრამ მომხმარებელი ვეღარ იხდის. ამბობს, რომ კარგი და ხარისხიანია, მაგრამ ურჩევნია იყიდოს გაყინული უფრო იაფად.

– თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ნიშნავს თუ არა, რომ მეფრინველეობის ბიზნესის წარმომადგენლები ფაქტიურად არ სცდებიან ბრუნვის ორასი ათასიან ზღვარს, რომელიც მათ უკვე დღგ-ს წარმოქმნის საშიშროების წინაშე დააყენებდა და შესაბამისად, ეს არის მათი განვითარების ჭერი?

– არსებობს დაახლოებით 2500-დან 3000-მდე მცირე ფერმერი, რომელიც სადღაც 200 000 ბრუნვამდე განვითარდა. უფრო ზევით, თვითონაც იციან, რომ განწირულები არიან. თუ გაცდებიან ამ ზღვარს, ნიშნავს, რომ 18 პროცენტით ძვირი პროდუქტი დარჩებათ ხელში და აუცილებლად სახლში წავლენ. ამიტომ 200 000-მდე ბუქსაობენ, რადგან ვერ ვითარდებიან. 

- რა გზავნილი გაქვთ, რა უნდა გაიგოს მთავრობამ და რას სთავაზობთ?

- მე ვიცი, რომ ყველა შეხვედრიდან დადებითი პოზიცია აქვს სახელმწიფოს წარმომადგენელს, მაგრამ ამას კარგად დაჯდომა და მუშაობა ჭირდება.

რა შედის ბიუჯეტში, რა ზარალი ან მოგება უნდა ნახოს, ეს ბიზნესი თუ განვითარდა მომავალში, ამის კალკულაცია არ გაკეთებულა?

– დარწმუნებული ვარ, რომ ქათმის ხორცის წარმოებას რა შეაქვს ბიუჯეტში, ეს კარგად არ დათვლილა. თუ დათვლიან დაინახავენ, რომ არ შედის 3 მილიონზე მეტი. 62 ათასი ტონა ქათმის ხორცია შემოსული გასულ წელს. დაახლოებით ეს ხორცის რაოდენობა საქართველომ რომ აწარმოოს 3000 კაცი მაინც დასაქმდება ამ საქმეში, უამრავი ფერმა დაემატება და შემდეგ სოციალური საშემოსავლო გადასახადი უფრო მეტი იქნება, ვიდრე დღგ შედის დღეს ბიუჯეტში. ამას უნდა კარგი დათვლა. დათვლის თუ არა სახელმწიფო, იმ წუთას მიხვდება, რომ ეს არის მათთვისაც მომგებიანი. უბრალოდ ამას სჭირდება მოცლა ჩვენთვისაც, მოგვხედონ ჩვენც და დარწმუნებული ვარ გაგვათავისუფლებენ დღგ-სგან. დავამატებ, რომ რეგიონში ყველგან დამატებითი ღირებულების გადასახადი არსად არ არის. რეგიონალურად არათანაბარ პირობებში ვართ და ქვეყანაშიც. სადღაც რომელიმე დარგს შეიძლება სახელმწიფო სუბსიდირებით ეხმარებოდეს და აქ გვეუბნება, რომ 18 პროცენტით მეტი გადამიხადეთო მხოლოდ თქვენ. ეს ძალიან ძნელი და ცუდია, ასე დარგი ვერ განვითარდება.