Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მე მეღვინე ვარ და ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ" - 22 წლის ბაიას ღვინო, თბილისის მაღაზიებში გამოჩნდება

5665cd97e18f0
BM.GE
07.12.15 22:09
1628
"ახალგაზრდებში უმთავრესი პრობლემა საკუთარი ბიზნესის დაწყებისას არის ცოდნის, რესურსებისა და მიზნების ნაკლებობა," - 22 წლის ბაია აბულაძის ოჯახი წლებია მეღვინეობით არის დაკავებული. ოჯახს ყოველწლიურად 13 ტონა ყურძენი მოჰყავს. ბაიას ძალისხმევით, მათ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსება მიიღეს, - ბოთლში ჩამოსხმული ღვინო სახელმწოდებით, "ბაიას ღვინო“ მომავალი წლიდან, იმერეთიდან თბილისშიც გადმოინაცვლებს.
 
- საიდან დაიბადა "ბაიას ღვინის" იდეა და როდიდან დაიწყეთ საქმიანობა?

- მეღვინეობა და მევენახეობა ჩემი ოჯახის საქმიანობის ძირითადი სფეროა, რომელშიც ბავშვობიდან აქტიურად ვარ ჩართული დედასთან, მამასთან, და-ძმასთან და ბებიასთან ერთად. ღვინის კლუბის მეშვეობით ვიცი ყველა სეზონის საჭიროება, როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულადაც. უშუალოდ მეღვინეობის იდეა ძალიან ბუნებრივად უკავშირდება ჩემი ცხოვრების წესს სოფელში. ვაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, მოგვყავს ცოლიკოური და ციცქა, ძირითადი მოცულობა დაახლოებით 13 ტონა ყურძენს შეადგენს ყოველწლიურად.

- სახელმწიფო პროგრამებში თუ იღებთ მონაწილეობას, რომლებიც სხვადასხვა დაფინანსებებს სთავაზობს ბენეფიციარებს?
 
- წელს დიდი სიახლეების წელი გვაქვს. „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მივიღეთ დაფინანსება, რისი მეშვეობითაც შევიძინეთ ღვინის ჩამოსხმისთვის (ბუტლირება) საჭირო აღჭურვილობა. 2016 წლიდან ჩვენი ღვინო უკვე თბილისის მაღაზიებში შემოვა. აქამდე ღვინო არა ჩამოსხმულ მდგომარეობაში აქტიურად იყიდებოდა იმერეთში. საინტერესო ცვლილება და მოტივაცია იქნება ჩვენთვის ახალ ბაზარზე შესვლა.

ჩვენი ვენახები ბაღდათში, სოფელ მეორე ობჩაში მდებარეობს. ბაღდათის მიკროზონა განსაკუთრებით კარგ ცოლიკოურს ქმნის, ხანდახან მას ობჩურასაც უწოდებენ - განსხვავებული გემოსა და თვისებების გამო, რასაც ადგილობრივი ტერუარი ქმნის.

- რატომ გადაწყვიტეთ მეღვინეობის დარგს გაყოლოდით?

- პირველად ამ საკითხზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც სრულიად შემთხვევით, ბიძის ღვინო ამოვიცანი. მანამდე, ეს დამოკიდებულება მეღვინეობის მიმართ ცხოვრების ძალიან ჩვეულებივი წესი იყო. ახლა თბილისში ვსწავლობ მაგისტრატურის საფეხურზე და რაც მახსოვს აქ ყოფნის 5 წლის განმავლობაში ჩემი დამოკიდებულება ღვინისადმი ძალიან შეიცვალა. პირველი იმიტომ, რომ სულ ამ თემას ვუტრიალებ ირგვლივ, ამასთან ჩემი ინტერესით ჩემს მშობლებსა და ბიძას მოტივაცია შეეცვალათ და სხვანაირად დაიწყეს ფიქრი.
 
საერთაშორისო პროექტებში მონაწიელობამ დამანახა, რომ ის რასაც ვაკეთებ, ლერწის (წალმის) ბოჭვიდან დაწყებული - ღვინის დარევით დამთავრებული, ძალიან საამაყო და საჭირო საქმეა. ვცდილობ, რომ ჩემს ძმასაც გავუზიარო ის, რასაც მე ვგრძნობ და რითაც ვამაყობ. კარგი გრძნობაა, როდესაც იმას აკეთებ რაც იცი, მე მეღვინე ვარ და ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. მიხარია, რომ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მეხმიანება და მგულშემატკივრობს. დიდი სტიმულია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს ცვლილება.

- როგორია სამომავლო გეგმები?

- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ხარისხი და შევქმნათ პრეცედენტი იმისა, რომ სოფელში შეიძლება კარგად აკეთო შენი საქმე, თან ისე, რომ ცნობილი და დაფასებული იყო. გვსურს, რომ ქართულ ბაზარზს კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენი თავი. ჩვენი ღვინის სახელწოდება „ბაიას ღვინო„ (Baia’s Wine) იქნება. წელს გვექნება თეთრი მშრალი ღვინოები - ცოლიკოური, „ციცქა-ცოლიკოურის“ კუპაჟი და ცოლიკოური-კრახუნა-ს“ კუპაჟი. საინტერესო გამოწვევა იქნება უცხოეთის ბაზარზე ღვინის გატანა. აქამდე ლიტვაში, ავსტრიაში, შვედეთში პოლონეთსა და სომხეთში ნამყოფია ჩვენი და ბიძიას ღვინო და ბრენდი, დავატარებ ყველა პროექტზე, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ ხოლმე. ისეთი საინტერესო პროცესია, ლერწის გაბოჭვას დაგავიწყებს.

- რა არის დღეს საქართველოში ის ფაქტორები, რომლებიც ახალგაზრდებს აბრკოლებს ან ახალისებს საკუთარი ბიზნესი დაწყებისას?

- ჩემი აზრით, ახალგაზრდებში უმთავრესი პრობლემა საკუთარი ბიზნესის დაწყებისას არის ცოდნის, რესურსებისა და მიზნების ნაკლებობა. ის საფრთხეები, რაც ბაზარზე არსებობს აშინებს არამარტო ახალგაზრდას, არამედ დიდებსაც კი. რაც შეეხება სოფელის შემთხვევას, მთავარი არგუმენტი ისაა, რომ როდესაც სოფელში ცხოვრობ, უმეტეს შემთხვევაში სხვების მაგალითზე ხედავ, რომ ქალაქში ცხოვრება შედარებით კარგია, მეტად დაფასებულია. ჩემს ბავშვობაში სულ 5 ბავშვი ვცხოვრობდით ჩვენს კუთხეში, აქედან 3 მე და ჩემი და-ძმა ვიყავით. გაუმართავი ინფრასტრუქტურა, შრომის სიძნელე და დაუფასებლობა გართმევს მოტივაციას. ოჯახზეც ბევრი რამეა დამოკიდებული, მიხარია, რომ ჩემი ძმა მალე უკან დაბრუნდება და ერთი სული აქვს ეს წლები როდის გავა.

- რას ურჩევდით თქვენს სფეროში მოღვაწე კოლეგებს?

- პირველი რჩევა იქნება - გულით და მონდომებით გააკეთონ თავისი საქმე, ლერწის ბოჭვიდან დაწყებული... მოუარონ და არ შეუშინდნენ სირთულეებს. იფიქრონ, რომ მათი საქმე დასაფასებელია, ამასთან იზრუნონ , რომ თავისი თავი გააცნონ ღვინის კლუბს, ფერმერთა ასოციაციას, რათა განივითარონ ცოდნა და უნარები, რაც მეღვინეობისთვის ასე საჭიროა. კიდევ ის, რომ თავიანთ შვილებს კარგად ასწავლონ და ლერწიც გააბოჭინონ ხოლმე .