Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მაესტროს" ახალი რეალობა - ტელეკომპანიის მფლობელების და მმართველების ცვლილების ქრონიკა

56b478cd91c5d
BM.GE
05.02.16 14:22
1130
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელებისა და მმართველების ცვლილებების ქრონიკას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მასალას უცვლელად გთავაზობთ.

პარტნიორთა კრებაზე, არხის დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ამავე სხდომაზე ახალ დირექტორად 55% წილის მფლობელის გიორგი გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა.
 
მაკა ასათიანის და მამუკა ღლონტის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პარტნიორთა კრება არალეგიტიმური იყო, ადვოკატებით განმარტებით კრებაზე მათი არგუმენტები არ გათვალისწინეს. "მაესტროს" დირექტორიბიდან გადაყენების შემდგომ, ბაია გადაბაძემ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრს მიმართა, რომ ამ უწყებებმა არ დაარეგისტრირონ მისი გადაყენების გადაწყვეტილება.

პრემიერმინისტრმა "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მთავრობისა და პოლიტიკური ძალების მხრიდან ამ საკითხში რაიმე ფორმით ჩარევა დაუშვებელია. ორი დღით ადრე პრემიერმინისტრი გია გაჩეჩილაძეს შეხვდა. გაჩეჩილაძის განცხადებით, ისინი მეგობრები არიან და შეხვედრა „მაესტროს” არ ეხებოდა.

02.02.2016 - საჯარო რეესტრში „მაესტროს” მეწილეთა ცვლილება აისახა

2 თებერვალს, საჯარო რეესტრში, ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილეთა კიდევ ერთი ცვლილება აისახა. რეესტრის ინფორმაციით, ტელეკომპანიის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი (55%) გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) გახდა. გაჩეჩილაძემ ორი თანამფლობელისგან, გიორგი ებრაელიძისგან და ლევან ჩიკვაიძისგან 15-15%-იანი წილი შეიძინა. რეესტრის ინფორმაციითვე, ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის 22 იანვარს გაფორმდა, თუმცა ოფიციალურად ცვლილება პარტნიორთა შეცვლის შესახებ 2 თებერვალს აისახა. ტელეკომპანია “მაესტროს” წილების დანარჩენ 45%-ს მამუკა ღლონტი (15%), ეკატერინე აკობია (5%) და მაკა ასათიანი (25%) ინაწილებენ.

გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით, წილების გამოსყიდვისათვის საჭირო თანხა გიორგი გაჩეჩილაძეს ირაკლი რუხაძემ ასესხა. რუხაძე თავის მხრივ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესის, მათ შორის ტელეკომპანია "იმედის" მმართველია. პატარკაციშვილების ოჯახთან კონტაქტს ადასტურებს გიორგი გაჩეჩილაძეც.

ტელეკომპანია "მაესტროს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეთერ (ბაია) გადაბაძემ განაცხადა, რომ არ აპირებს პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში "მაესტროზე" მუშაობას, თუმცა აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებამდე. მისი განცხადებით, საფრთხე ექმნება ტელეკომპანიის დამოუკიდებლობას. გადაბაძის განცხადებითვე, “მაესტროს” რეალური მფლობელი ტელეკომპანია “იმედის” არაფორმალური მმართველი ირაკლი რუხაძე გახდა, რომელმაც წილები რამდენიმე მილიონად იყიდა.

"მაესტროს" დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიას 50 მილიონის ოდენობის ვალი აქვს, შესაბამისად არხი მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არის მიმზიდველი.

21.01.2016 - "მაესტრო" სტუდია "მონიტორთან" ურთიერთობას წყვეტს

ტელეკომპანია "მაესტრომ" 7 წლიანი ურთიერთობის შემდგომ საგამოძიებო სტუდია "მონიტორთან” თანამშრომლობა გაწყვიტა. სტუდია "მონიტორის" ინფორმაციით, "მაესტროს” ხელმძღვენელობამ თანამშრომლობის გაწყვეტის მოტივად საკუთარი საგამოძიებო გადაცემის გაკეთება დაასახელა.

"მონიტორი" დამოუკიდებელი საგამოძიებო სტუდიაა, იგი არაერთი კრიტიკული ფილმის ავტორია, მათ შორისაა: "სარეზერვო ფონდის ბუნდოვანი პრიორიტეტები", "როგორ მოიგეს კონკურსში 800 000 ლარი მერიის თანამშრომლებმა", "მოსამართლე მურუსიძე – რეჟიმის მსხვერპლი თუ სისტემის მსახური?" და მრავალი სხვა.

სტუდია "მონიტორი" გასული შვიდი წლის მანძილზე, "მაესტროს” სრულიად უსასყიდლოდ აძლევდა ფილმებს.

19.01.2016 - "მაესტროს" სარეკლამო დროს "იმედი" ყიდულობს

ტელეკომპანია "იმედი" ტელეკომპანია “მაესტროს" სარეკლამო დროის 100% ყიდულობს. “მაესტრო”ადასტურებს სარეკლამო დროის გაყიდვას, თუმცა არ კონკრეტდება გადახდილი თანხის ოდენობა.

18.09.2015 - იწყება ტელეკომპანია "მაესტროს" გაკოტრების პროცესი

შ.პ.ს. "სტუდია მაესტრო”-ს დირექტორმა ეთერ გადაბაძემ "მაესტროს" გადახდისუუნაროდ ცნობის და გაკოტრების საქმის წარმოების თხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

"მაესტროს" ერთ-ერთმა მფლობელმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა და ამის მიზეზი კომპანიის კიდევ ერთი მფლობელის მაკა ასათიანის მიერ მისგან აღებული კრედიტების დაფარვის მოთხოვნა გახდა.

მაკა ასათიანმა გაჩეჩილაძის ეს განცხადება უარყო და განაცხადა, რომ გაკოტრების შესახებ საქმის წამოწყება მენეჯმენტის ვალდებულება იყო.
ასათიანის ადვოკატის განმარტებით, შპს “სტუდია მაესტროს” მაკა ასათიანის, ფიზიკური პირის მიმართ მართებს 42 მილიონი ლარი, კიდევ რამდენიმე მილიონიანი დავალიანება კი ირიცხება მაკა ასათიანი კომპანიების სახელზე.

22.12.2014 - "მაესტროს" ტოვებენ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ჟურნალისტების ნაწილი

არხის ერთ-ერთი მფლობელის მაკა ასათიანის მეუღლესთან და რწმუნებულთან კოტე გოგელიასთან დაპირისპირების შემდგომ არხის დირექტორის მოადგილემ და „ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა “მაესტრო” დატოვა. მასთან ერთად ტელეკომპანია დატოვეს არხის ჟურანლისტებმა და პროდუსერებმა. მომხდარის შემდგომ არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა.

მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში ჟიჟილაშვილმა განმარტა, რომ კოტე გოგელიამ მას განუცხადა, რომ "მაესტრო" იდეოლოგიზებული და "პროქართული" უნდა გამხდარიყო.

"იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სასურველია გავატაროთ და აწი უნდა გაატაროს არხმა, სახელად ქვია პროქართული, რაც ჩემში იწვევდა ბევრ კითხვას, ვინაიდან ჩვენ ისედაც ვემსახურებოდით ყოველთვის საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და შესაბამისად, რაღაც მიზანი, მსგავსი ტიპის, რასაც ნიშნავს პროქართული იდეოლოგია, შეიძლება ჩვენს არხს ისედაც ჰქონდა," -განმარტავდა ჟიჟილაშვილი.

მისივე კომენტარებიდან ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ჟიჟილაშვილს პასუხისმგებლობა იყო არხის საინფორმაციო განვითარება, მასთან არ შეთანხმებულა საინფრომაციო ბადეში ისეთი ცლილებები, როგორიც იყო: საინფორმაციო პროგრამის “ცხირანი" სამაუწყებლო ბადიდან ამოღება და მისი ჩანაცვლება კოკა ყანდიაშვილის გადაცემით “ლაპარაკობს თბილისი”.

"მაესტროდან" წამოსულმა თანამშრომლებმა არხის დატოვების მიზეზებად ტელეკომპანიის მხრიდან პროქართული იდეოლოგიის არჩევა, ჟიჟილაშვილის დათხოვნა, ასევე მთავრობის კანცელარიის ყოფილი კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მისვლა დაასახელეს.

22 დეკემბერსვე, ყანდიაშვილმა განაცხადა, რომ მიდიოდა მოლაპარაკებები “მაესტროსთან" და სხვა არხებთან მისი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით და არხთან სხვა ტიპის ურთიერთობა უარყო. კოკა ყანდიაშვილის მხრიდან არხის მმართველობაში ჩარევა უარყო "მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემაც.

28.10.2014 - დიანა ტრაპაიძე და თეონა გეგელია "მაესტროს" ტოვებენ

ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს გადაცემა "სუბიექტური აზრის" წამყვანებმა დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ. დიანა ტრაპაიძეს არხის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, როგორ გადაცემის პროდიუსერმა, ირაკლი აბსანძემ განაცხადა, ტრაპაიძემ წასვლის გადაწყვეტილება არხის ფაქტობრივ მმართველთან კოტე გოგელიასთან შეხვედრის შემდგომ მიიღო.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელს facebook-ში თეონა გეგელიამ "მაესტროდან" წამოსვლის მიზეზი განმარტა: "ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უწესო, უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც. ჩვენ გვინდოდა მაესტროში მუშაობა. ძალიან ვწუხვარ, ძალიან", - წერდა გეგელია.

28.09.2014 - ვახო სანაია "მაესტროს" ტოვებს

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ არხის დატოვების მიზეზად კომპანიის დირექტორმა ბაია გადაბაძემ უთანხმოება დაასახელა, თუმცა მისი თქმით, საქმე კონფლიქტამდე არ მისულა. სანაიას არხზე გადაცემა "ცხრიანს" უძღვებოდა. იმავე წლის დეკემბერში სანაიამ „მაესტროდან” წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სანაიას თქმით, "მაესტროს" დირექტორთან შეხვედრაზე მას განუცხადეს, რომ საკუთარი გადაცემებით, შესაძლოა, არხი ხელისუფლებასთან დაეპირისპირებინა და პრობლემები შეექმნა.

რამდენიმე თვით ადრე ვახო სანაიას გადაცემა მთავრობამ გააკრიტიკა. 20 მაისს, მთავრობის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა და ტელეკომპანია "მაესტროს" 18 მაისის გადაცემა "ვახო სანაიას რეპორტაჟს" ტენდენციური უწოდა. გადაცემაში ხელისუფლების საქმიანობისადმი კრიტიკულად განწყობილი სიუჟეტები გავიდა.

"მაესტროს" შემოსავლები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები ტელეკომპანია “მაესტროს” შემოსავლებზე მნიშვნელოვნად აისახა. „მაესტროს” შემოსავლებმა მატება საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2012 წლის აპრილში დაიწყო. 2013-2014 წლებში კომპანიის შემოსავლები სტაბილურად მატულობდა, 2015 წლის თებერვლიდან კი შემოსავლებმა კლება დაიწყო და 2014 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ შემცირდა.

11.07.2012 - სატელიტური ანტენების დაყადაღება

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ტელეკომპანია „მაესტროს” მიერ შემოტანილი სატელიტური ანტენები დააყადაღეს. პროკურატურის ინფორმაციით, "მაესტრო” "ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია "ელიტა ბურჯის" დავალებით სატელიტური თეფშების დარიგებას უფასოდ აპირებდა. ეს ფაქტი უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. თეფშებზე ყადაღა საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოიხსნა.

2012 წლის აგვისტოში, საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ამოქმედდა Must Carry-ის ნორმები, რის შემდეგაც საქართველოში „მაესტროს” სატელევიზიო სიგნალის გავრცელების არეალიგაიზარდა.

30.11.2011 - დაპირისპირება ეროსი კიწმარიშვილსა და "მაესტროს" მფლობელებს შორის

2011 წლის ბოლოს ტელეკომპანია "მაესტრო" რადიო "მაესტროს" ოფისიდან იწყებს მაუწყებლობას. "მაესტროს" თანამშრომლებს ტელეკომპანიის შენობის დატოვება მას შემდეგ მოუხდათ, რაც ოფისი ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის მფლობელებთან დაპირისპირების შემდეგ 15 ადამიანთან ერთად დაიკავა. ამ ფაქტს არხის მაუწყებლობის შეფერხება მოჰყვა.

ეროსი კიწმარიშვილი თვლიდა, რომ მის დაფუძნებულ "რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" უფლება ჰქონდა ტელეკომპანია „მაესტრო” 2009 წელს გაფორმებული სამწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლის დეკემბრამდე ემართა.

26.11.2011 - "მაესტროს" 25% წილის გასხვისების წინარე ხელშეკრულება გაფორმდა

ტელეკომპანიის 25% წილის მფლობელ გიორგი გაჩეჩილაძესა და დანარჩენ პარტნიორებს შორის გაფომრდა ხელშეკრეულება, რომლის მიხედვითაც არაუგვიანეს 2012 წლის 10 დეკემბრისა გაჩეჩილაძეს მის საკუთრებაში არსებული წილი უნდა გადაეცა შემდეგი პროპორციით დანარჩენ მეწილეებზე: 7.5% - მამუკა ღლონტი; 7.5% - ლევან ჩიკვაიძე; 7.5% - გიორგი ებრალიძე; 7.5% - ეკატერინე აკობია. წილის გასხვისების თაობაზე თანხმობა გიორგი გაჩეჩილაძეს პარტნიორთა კრების 2011 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ერთხმად მიენიჭა, გასხვისებამდე აღნიშნული 25% წილის მართვის უფლება გადაეცა ილია კიკაბიძეს.

31.12.2010 - "მაესტროს" გენერალური დირექტორი ტოვებს

არხის დირექტორმა, კახა ბექაურმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 2010 წლის 31 დეკემბერს გააკეთა. ამას წინ უძღოდა ბექაურის ბრალდებები ეროსი კიწმარიშვილის მისამართით "მაესტროს" პოლიტიკურ იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით. ბექაურმა კიწმარიშვილი კომპანიისთვის ფინანსური წყაროების გადაკეტვაშიც დაადანაშაულა.

იმავე დღეს ტელეკომპანიის დამფუძნებელთა სახელით მამუკა ღლონტმა ეროსი კიწმარიშვილთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების სურვილი გამოთქვა. თუმცა, რამდენიმე დღეში "მაესტრომ" კიწმარიშვილთან გაფორმებული ხელშეკრულების შენარჩუნება გადაწყვიტა.

30.11.2009 - ეროსი კოწმარიშვილის კომპანია "მაესტროს" მენეჯმენტში შედის

2009 წელს, შპს "სტუდია მაესტრო” ხელშეკრულებას აფორმებს შპს „რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან", რომლის დირექტორი "რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილია.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" ტელეკომპანია "მაესტროს" მართვის უფლება გადაეცამა სამი წლის ვადით 2012 წლის დეკემბრამდე.

2002 და 2010 წლის მონაცემების მიხედვით, კომპანიის წილები შემდეგნაირადაა განაწილებული: მამუკა ღლონტი (38%), გიორგი ებრალიძე (38%), ლევან ჩიკვაიძე (19%), ეკა აკობია (5%). ამ წლებს შორის პერიოდში ტელეარხის მფლობელების ცვლილების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში არ იძებნება.

02.12.2008 - "მაესტრო" პოლიტიკური გადაცემების გაშვებას იწყებს

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "მაესტროს" სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირება მოახდინა და პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლება მიიღო. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "მაესტროს" ლიცენზიის მოდიფიცირებაზე უარი რამდენიმე თვით ადრე, აპრილში უთხრა. ამ საკითხზე კომისიასა და ტელეკომპანიას შორის დავა რამდენიმე თვე გაგრძელდა და ტელეკომპანიამ სასამართლოსაც მიმართა, თუმცა დავა ანტიკრიზისული საბჭოს შუამდგომლობის შედეგად დასრულდა.