Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კავკასიური სუნელების ყუთი", - ოქსფორდის და ვინჩესტერის ქუჩებში ქართული კერძები გამოჩნდა

56e8517879814
BM.GE
15.03.16 22:14
1203
ლონდონსა და ოქსფორდს შორის, ბერკშირის საგრაფოში, ქართული კერძების დახლი პირველად გასულ წელს გამოჩნდა. Caucasian Spice Box-ის, ანუ კავკასიური სუნელების ყუთის, დაგემოვნება ქალაქ რედინგში ყოველ პარასკევს არის შესაძლებელი, კვირის დღეებში კი ის ინგლისის სხვა ქალაქებში ინაცვლებს, მათ შორის ოქსფორდსა და ვინჩესტერში. Caucasian Spice Box-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი, ქეთი მაღლაკელიძეა. მისი თქმით, იდეა მას შემდეგ გაჩნდა რაც ინგლისში ე.წ. "სტრიტ ფუდი" პოპულარული გახდა, შედეგად კი ტრადიციული ქართული მზა საკვები ინგლისის ქალაქების ქუჩებში გამოჩნდა.
 
"ჩვენი მენიუ ტრადიციული ქართული რეცეპტებით დამზადებულ საკვებს მოიცავს, თუმცა პატარა ჩვენებური შესწორებები შევიტანეთ ბაზრის მოთხოვნისა და ქუჩის მოხმარებისთვის მოხერხებულობის გამო. მაგალითად, ხორცს ვატყავებთ და უძვლოდ მივართმევთ მსურველებს. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად შესვენებაზე გამოსული ოფისის თანამშრომლები არიან", - ამბობს ქეთი მაღლაკელიძე. რაც შეეხება მენიუს ის საკმაოდ მრავალფეროვანია და კერძები ადგილზევე მზადდება.

"ძირითადი მენიუ არის ,"ქართული სუფრა". ის მოიცავს ბადრიჯანს ნიგვზით, სეზონურ სალათას, აჯიკაში დამარინებული წიწილას, ხაჭაპურს. სეზონურად ვუმატებთ რაღაცეებს, მაგალითად რაგბის ჩემპიონატისთვის ლელოს ბურთის ფორმის აფხაზურებს ვაკეთებდით... ეს ყველაფერი ჩვენს მომხმარებლებს მიეწოდება ბიოდეგრადირებადი ყუთით, ჭიქებითა და ჩანგლებით.

ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი პროდუქცია და აქ ვგულისხმობთ ჩვენი საგრაფოს რადიუსს, რადგან ეს ფასობს ჩვენს მომხმარებელშიც და ჩვენც გვჯერა, რომ ასეთი ხერხით ხელს ვუწყობთ არამარტო ადგილობრივ ეკონომიკას, ასევე ვამცირებთ ამა თუ იმ პროდუქტის ტრანსპორტირებისას წარმოქმნილ გამონაბოლქვს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ეთიკური წყაროდან მოვიზიდოთ ნედლეულიც. მაგალითად კვერცხი თავისუფლებაზე გაშვებული ქათმის უნდა იყოს, ანუ ის, რასაც ჩვენთან სოფლისას ვეძახით. აქ ჩვენ გალიაზე უარს ვამბობთ", - ამბობს ქეთი მაღლაკელიძე. მისივე თქმით, ყველა ეთნიკური კერძისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი სუნელებია, თუმცა მათთვის სუნელების მოძიება ყველაზე დიდი პრობლემა გახდა.

„რადგან ჩვენ ვერ მივაგენით ქართულ/კავკასიურ პროდუქციას ინგლისის დახლებზე, დავიმატეთ ფუნქცია მისი შემოტანის. გვაქვს ონლაინ მაღაზია და გვყავს არაჩვეულებრივი შვედური პარტნიორი კომპანია "პოპ-კულტურ", რომლის დამფუძნებელიც საკმაოდ კარგად იცნობს ქართულ პროდუქციას და გვაწვდის მას. თუმცა ბოლოს ერთად ვიყავით ჩასული საქართველოში და რამაც ერთობლივ ძიებამდე მიგვიყვანა არის ჩვენი იმედგაცრუების დიდი მიზეზი. ზოგი ძირითადი ინგრედიენტი ჩვენს პროდუქტებში სულაც არ აღმოჩნდა ქართული. გასაგებია, რომ ჩვენ არ გვაქვს ქართული მარილი და შაქარი, მაგრამ ბალკანურ ხმელ ქინძს ხომ აქაც ვიყიდი ან წიწაკას? ჩვენ მწარმოებლებისთვის გვაქვს მოთხოვნები, რომელიც რაღაც ეტაპზე იმედია გადაგვიყვანს მთლიანად მშობლიურ ნედლეულზე. ჩვენთვის ეს არის ახლა პირველი გადაუდებელი ამოცანა".