Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გოგონა სახელად ნინო", - ნინო არობელიძეს მუსიკალური კარიერა ამერიკაში

58fce062a886b
სალომე ჭიპაშვილი
23.04.17 21:07
1459
"მუსიკა, როგორც კლიმატი, სჯობს პირადად გამოსცადო, ვიდრე გაანალიზო და განიხილო“ - ასე აფასებს ჯაზის, ბლუზისა და სოულის ქართველი ემიგრანტი შემსრულებელი ნინო არობელიძე თავის შემოქმედებას. „გოგონა სახელად ნინო“ - ასე იცნობენ მას ამერიკაში. იგი უკვე 10 წელია ჩიკაგოში მოღვაწეობს, - სწორედ ამერიკის შეერეთებულ შტატებში მოახერხა მან საკუთარი ბენდის ჩამოყალიბება და ჯაზის სამშობლოში ადგილის დამკვიდრება.

მისი შემოქმედების გაცნობას საქართველოსთვის კი bm.ge შეეცადა.

- თქვენი მუსიკალური განათლება და კარიერული გზა , პირველი ნაბიჯები ამერიკაში როგორი იყო?

ამერიკაში უკვე 18 წელია რაც ვცხოვრობ. სკოლის ასაკში, ოჯახთან ერთად ჩამოვედი ჩიკაგოს გარეუბანში და აქ დავფუძნდით. ჩიკაგო ჩემს მეორე დედაქალაქად იქცა. მუსიკალური განათლება ფორმალურად DePaul University-ში, მუსიკის ფაკულტეტზე, კლასიკური ვოკალის განხრით მივიღე. არაფორმალურად, კი სკოლის ასაკიდან ვმუშაობ ჩემს თავზე და ვწერ მუსიკას. პირველი ნაბიჯები და კარიერული გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამიტომ ამის ერთსახად დასახელება გამიჭირდება. ალბათ ეს ყველაფერი ცოდნის წყურვილით და გეგმების დაწყობით იწყება. ხოლო, ჩემი მუსიკალური და პროფესიონალური ჩამოყალიბება უფრო მრავალეტაპიანი თავგადასავალია, ვიდრე რაიმე სხვა. ხელობის შესწავლის და აღქმის, პრაქტიკული აპლიკაციის და პიროვნული განვითარების სინთეზი.

GIRL NAMED NINO - ასე ქვია ჩემს ყველაზე უახლოეს მუსიკალურ წამოწყებას და ეს პროექტი სულ რამოდენიმე წელია რაც ჩამოვაყალიბე, თუმცა თეორიულად დიდი ხანია რაც ჩემს წარმოდგენაში მწიფდებოდა და სხვა პროექტების გზის გამოვლით, თავისი მიმართულება იპოვა. ბენდის და სოლო პროექტის გარდა, Girl Named Nino 2016-წლის სტუდიური ალბომის სახელწოდებაც გახლავთ. 

- თქვენი პირველი წარმატება ამერიკაში რას უკავშირდება?

ამ შეკითხვაზე ჩემთვის ძალიან რთულია ერთგვარი პასუხის გაცემა, რადგანაც წარმატება, ჩემს გაგებაში, აბსოლიუტურად სუბიექტურია და შინაგანი და პიროვნული წინსვლით იჩენს თავს. ფორმალური წარმატება კი, იქნება ეს ამერიკული თუ მსოფლიო მასშტაბის, ამ ყველაფერს ავტომატურად მოსდევს, რასაკვირველია, გარკვეული დროის შუალედის გათვალისწინებით. როდესაც გადავწყვიტე და ვითავე ჩემი თავის პიროვნულად დაფუძნება, ჩემი პირველი წარმატებაც სწორედ ეს იყო.
ჩემი მუსიკა ბლუზის, მსოფლიო მუსიკის, ჯაზის და ინდი-სოულის ფესვებზე აგებული ორიგინალური შემოქმედებაა... ვოკალური, რითმული და ხასიათით სავსე… მუსიკა, როგორც კლიმატი, სჯობს პირადათ გამოსცადო ვიდრე გაანალიზო და განიხილო.

- საქართველოში თქვენი აზრით მუსიკალური ინდუსტრია რამდენად განვითარებულია ?

მე საქართველოში არ მიწევს აქტიურად შემოქმედებითი საქმიანობა, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან თუ ვილაპარაკებ, ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი საფეხური, ინდუსტრიის დე-მონოპოლიზაციაა. როგორც ყველა სხვა ბიზნესში, რაც უფრო ძლიერია მონოპოლია, მით უფრო ზიანდება მომავლის პერსპექტივა, მრავალფეროვანი და განვითარებული სისტემის შექმნისთვის. დამწყებ მუსიკოსებს ვურჩევდი ორიგინალური „ხმის“ მოპოვებას და საკუთარ თავზე დაუღალავ შრომას.

- თუ შეადარებდით ერთმანეთს ქართველ და ამერიკელ მსმენელს?

მე ყველა პროექტის და ნაწარმოების შექმნაში აქტიურად ვარ ჩართული და ამას უღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ვფიქრობ, რომ მუსიკოსი ასე უნდა იქცეოდეს. რადგან ყველა ქვეყანას და კულტურას ჰყავს დახვეწილი, გაგებული და ამავე დროს ძალიან კრიტიკული მსმენელი და დამფასებელი, ისევე როგორც უსაშველოდ შეზღუდული და უსაფუძვლოდ აგრესიული მსმენელი…

- საქართველოში კონცერტის ჩატარებას თუ გეგმავთ?

- წელს ვგეგმავთ საქართველოში კონცერტის ჩატარებას, რადიო „თბილისთან“ და რადიო „ჰერეთთან“ თანამშრომლობით. ხოლო 29 აპრილს ვიწყებთ ახალ ტურნეს, ამჯერად შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. Girl Named Nino, Lost at the Bazaar Tour - ასე ქვია ტურნეს, რომელიც ჩიკაგოში დაიწყება და მოიცავს ნიუ იორკის (6 მაისს), ლოს-ანჯელესს (3 ივნისს) და სან ფრანცისკოს (4 ივნისს) ტერიტორიებს. შემოდგომაზე კი, ახალი ალბომი და დამატებითი კონცერტებია დაგეგმილი. აგრეთვე ვმუშაობთ მუსიკაზე საოცარი დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც ჩიკაგოში დაფუძნებული, ამერიკელი რეჟისორის ქმნილებაა და ქართული ღვინის და დიდსულოვანი ქართული სულისკვეთებით შთაგონებული! იმედია ამ ფილმსაც გაეცნობა მალე ქართველი მაყურებელი.