Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ევროპიდან მცირე და საშუალო ბიზნესის საქართველოში მასიურად შემოსვლა არ ხდება"

56ee453b59d47
BM.GE
20.03.16 10:34
1047
ევროპიდან მცირე და საშუალო ბიზნესის საქართველოში მასიურად შემოსვლა არ ხდება, - ამის შესახებ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი პერტაიამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. პერტაია ამბობს, რომ მცირე და საშუალო ინვესტორების უმეტესობა დღეს მეზობელი ქვეყნებიდან არიან შემოსული, რის ერთ-ერთ მიმზეზადაც ინფორმაციის ნაკლებობა სახელდება.
 
"სამწუხაროდ, მცირე და საშუალო ინვესტორები ჩვენთან შემოსულები არიან მხოლოდ მოსაზღვრე ქვეყნებიდან, - თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან.

სამწუხაროდ, ევროპიდან მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში მასიურად არ ხდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თუ რა მდგომარეობაა ჩვენს გარშემო და შესაბამისად, ჩვენ ტენდენციას ვხედავთ, რომ ასეთი კომპანიების მიერ შემოტანილი ინვესტიციების ოდენობა არ იზრდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორმე ამის დივერსიფიკაცია გავაკეთოთ და ევროპიდან, გაერთიანებული ემირატებიდან და აზიიდან შემოვიყვანოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები", ამბობს პერტაია, თუმცა მისი თქმით, ამ კუთხით რაიმე წინსვლა ან წარმატება ჯერ-ჯერობით არ არის.

"მთავრობა და ნებისმიერი მინისტრი, რომელიც საზღვარგარეთ დადის ფაქტიურად ამ სამუშაოს ასრულებს, მათ შორის ჩვენც, როდესაც გარეთ გავდივართ, ცნობადობის ამაღლებისთვის, ძალიან ხშირად ფორუმებს ვაწყობთ და ა.შ.

კარგია ის, რომ მსხვილმა კომპანიებმა იციან საქართველოში რა ხდება, იციან, რომ საქართველო რეიტინგებში საკმაოდ წინ არის და ა.შ. მცირე და საშუალო კომპანიებს, როგორც წესი, ასეთ ინფორმაციასთან წვდომა არ აქვს და შესაბამისად, ინტერესიც არ აქვს, თუ არ მიხვედი, არ აუხსენი, არ გააცანი, არ შესთავაზე და ა.შ. ასე, რომ ამ ნაწილში ვმუშაობთ, მაგრამ მსხვილ კომპანიებთან ეს უფრო ადვილად გამოგვდის", - განაცხადა პერტაიამ.