Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ევროპარლამენტში, უახლოს მომავალში საქართველოს მეგობართა კომიტეტი შეიქმნება"

56fa823e775f3
BM.GE
29.03.16 17:21
1051
ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ, გიორგი რუხაძესთან.
 
- ბატონო გიორგი, თქვენი შეთავაზება ხელისუფლებისადმი რას გულისხმობს?

- ჯოზეფ დოლის განცხადება ერთ რამეზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერის მოპოვება უჭირს და ეს საკითხი დროში იწელება. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, დავინახოთ, რომ ევროპის ყველაზე დიდი პარტია და ყველაზე დიდი ფრაქცია რაღაცა დოზით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალეობას, დემოკრატიულობას და ასევე სამართლიანობას. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ბუნებრივია, ტექნიკური პროცესი დასრულებულია და ევროკავშირის საბჭომ ევროპარლამენტს უკვე მიმართა საკანონმდებლო ინიციატივით, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს საკანონმდებლო ინიციატივა დღის წესრიგში არ ჩანს. მე შევამოწმე ევროპარლამენტის აპრილის დღის წესრიგი პლენარული სესიების. იქ ეს საკითხი მოხვედრილი არ არის და სწორედ აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ პროცესი დაჩქარდეს.

- შეიძლება იყოს თუ არა ეს ზაფხულის განმავლობაში და რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფად დასრულდეს?

- ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ხედავთ ევროკავშირი სხვა უამრავი პრობლემითაა დატვირთული, მათ შორის ტერორიზმით, ეკონომიკური პრობლემებით, მიგრანტების პრობლემებით. მე სულ რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან და კარგი ამბავი მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ უახლოეს მომავალში ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა კომიტეტი შეიქმნება, რომელშიც სხვადასხვა ფრაქციებიდან გავლენიანი პარლამენტის წევრები შევლენ იმისათვის, რომ საქართველოს საკითხები ევროპარლამენტისა და ევროსტრუქტურების დღის წესრიგში ჯეროვნად დადგეს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხში. ეს ძალიან მალე იქნება. ამის შესახებ თავად ევროპარლამენტარები გააკეთებენ განცხადებას. მე შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელიც ამ ინიციატივის ერთ-ერთი ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესახებ უახლოეს მომავალში განცხადებას თავად გააკეთებს.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას, ბუნებრივია ამ საკითხის ჩავარდნა პროევროპულ განწყობებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს და ქვეყანაში პრორუსულ განწყობებს გააძლიერებს. ჩვენ გვაქვს ურთიერთობები ევროპარლამენტში სხვადასხვა ფრაქციების და ასევე გავლენიანი არასამთავრობო სექტორის დონეზე. ჩვენ სრული რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ სხვა ორგანიზაციებთან და ამ ქვეყანაში სხვა მოთამაშეებთან ერთად ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. შეგვიძლია ხელისუფლებას კომუნიკაციასა და ევროპარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერის მოპოვებაში დავეხმაროთ და იმაში, რომ კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციის საკითხი დღის წესრიგში დროზე დადგეს, შესაბამისმა კომიტეტმა დროზე განიხილოს, გავიდეს პლენარულ სხდომაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის საბჭოში მან აბსოლუტური ხმათა უმრავლესობით მხარდაჭერა მოიპოვოს. სხვა შემთხვევაში ეს ვერ მოხდება და ბუნებრივია, დროში გადაიწევს.

- პრემიერ-მინისტრმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ უვიზო მიმოსვლა ასევე მნიშვნელოვანი იქნება DCFTA-ის მიზნების მიღწევისთვის. ამაზე რა აზრის ხართ?

- ამ კომპონენტში პრემიერ-მინისტრს ბუნებრივია, დავეთანხმები. უმნიშვნელოვანესი იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებისთვის. განსაკუთრებით იმიტომ, რომ თავისუფალი გადაადგილება ბიზნეს კონტაქტებს გააძლიერებს, იგივე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ისინი უშუალოდ მოახერხებენ უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასვლას და ბიზნეს ურთიერთობისთვის გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას. თუმცა, ამას გარდა, ეს კარგი იქნება ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით და ასევე სტუდენტებისთვის, რადგანაც 90 დღის განმავლობაში მათ საშუალება ექნებათ შენგენის ზონაში იყვნენ და გამოცდები ჩააბარონ ან მოკლევადიანი საგანმანათლებლო კურსები გაიარონ.

- ჩვენ ხშირად არგუმენტი გვესმის, რომ მაგალითად ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, მაგრამ სოციოლოგიური კვლევები რუსული განწყობების ზრდაზე მაინც მიუთითებს. რატომ არის უვიზო მიმოსვლა გადამწყვეტი ამ კონტექსტში?

- მიუხედავად იმისა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადავედით, თუმცა ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე და მის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახა. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო უკეთესად იცხოვრებს. რაც უფრო ახლოს იქნება ევროკავშირთან ინტეგრირებული, თუმცა ეს ასე სწრაფად ცხოვრების დონეზე არ აისახება. უვიზო მიმოსვლა ერთ-ერთი ხელშესახები ბენეფიტია, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ ევროკავშირში გადაადგილებისთვის და რაც ჩამოვთვალეთ ის პლუსები, საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე გავრცელდება. მეორეს მხრივ, ეს საკითხი თუ ჩავარდება, ამის მოლოდინები საკმაოდ მაღალია, ბუნებრივია ეს ერთგვარ იმედგაცრუებას გამოიწვევს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ სხვა პოლიტიკური ძალები ჩართოს პროცესში, რომ შედეგი მაქსიმალურად დროულად მიიღოს. მერწმუნეთ, თუ ხელისუფლება ჯეროვნად იმუშავებს ეს შესაძლებელია და უკვე ზაფხულში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მივიღებთ.