Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით"

570b7e83187f3
BM.GE
11.04.16 14:36
1019
ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით; ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მდგრადი გრძელვადიანი განვითარება და ინკლუზიური ზრდა", - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბაის მეექვსე ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
 
"დღეს ჩვენ, როგორც ქვეყნების მმართველები, ვაწყდებით რთულ გამოწვევებს და მზარდ მოთხოვნებს. ეს გამოწვევები თავს იჩენს, როცა ეკონომიკა, საზოგადოება და გარემო განიცდის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას. ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტიანობა რთულ, ურთიერთდაკავშირებულ და სწრაფად ცვალებად გარემოში. ქვეყნებმა უნდა შეცვალონ თავიანთი მმართელობის სტრუქტურები, გახდნენ უფრო ღია და ჩართონ საზოგადოება და კერძო სექტორი გაუმჯობესებული და მდგრადი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფაში. 21-ე საუკუნე მთელს საზოგადოებას უკანონებს ახალ წესებს და ამ პროცესში მთავრობებმა უნდა შეასრულონ ლიდერის როლი", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საინვესტიცო შესაძლებლობები გააცნო.

“როგორც იცით, საქართველო არის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც დღეს კონცენტრირებულია თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე, სადაც უზრუნველყოფილია ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტები და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა", - აღნიშნა პრემიერმა.

დუბაის საინვესტიციო ფორუმის მთავარი თემაა: „პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების ახალი მსოფლიო: მახასიათებლები და საუკეთესო პრაქტიკა“. კონფერენციის მიზანი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცება და შეხვედრაში მონაწილე კომპანიების პრეზენტაციების გაცნობაა. ღონისძიების სტუმრები განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე ახალი ინვესტიციების განხორციელების გზებსა და საშუალებებს.