Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართველმა სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი სუნამოს რეალიზება დაიწყეს

570ce7f3d91ee
BM.GE
12.04.16 16:12
1553
ქართველმა სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი სუნამო შექმნეს. 51-ე სკოლის მეათე კლასის 4 მოსწავლე გოგონას სუნამოების შექნის იდეა ”ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველოს” პროგრამის ფარგლებში დაებადათ.

თბილისი მოლში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე გოგონების პროდუქციამ "საუკეთესო გაყიდვებისთვის" პრიზიც მიიღო, - ერთ დღეში გოგონებმა 30 სუნამო გაყიდეს.

გოგონებმა საკუთარ კომპანიას Magical Potion დაარქვეს, სუნამოების შესაქმნელად საჭირო ნედლეული საფრანგეთიდან, ბოთლები და შეფუთვისთვის საჭირო ნივთები კი ჩინეთიდან გამოიწერეს. სუნამოს დამზადება ინტერნეტში ისწავლეს და ის სახლის პირობებში დამზადდა.

"ეს არის ელექსირების ნაკრები, რომელსაც თან დაკრავს არაჩვეულებრივი სუნი. გვაქვს სამი სახის სუნამო, რომლებსაც ატმის, მოცვის, ორქიდეას სურნელი აქვს“, - ამბობს ნინო ლომიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

რაც შეეხება პროექტს, ის 226 საჯარო სკოლაში პილოტირების პროცესშია. მოსწავლეები ქმნიან რეალური კომპანიის მინი-მოდელებს, არეგისტრირებენ მათ ”ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველოს” ოფისში. მოსწავლეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს კომპანიები არ არის გადასახადის გადამხდელი ორგანიზაციები და შექმნილია მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის. ისინი ყიდიან საქონელს დამოუკიდებლად, მათთვის სასურველ ადგილებში და მათ მიერ დამყარებული კონტაქტების შესაბამისად.

"ბიზნესგეგმის დაწერის შემდეგ, ჩვენ გვქონდა აქციები, უნდა განგვესაზღვრა რამდენი აქცია დაგვჭირდებოდა და რა იქნებოდა მათი ნომინალური ღირებულება. ჩვენი აქციების ღირებულება 10 ლარი იყო, პროდუქციის საწარმოებლად სწორედ ეს აქციები უნდა გაგვეყიდა.

სუნამოების გაკეთება საკმაოდ რთულია, გვქონდა მომენტები, როდესაც ვფიქრობდით, რომ თავი დაგვენებებინა, მაგრამ ძალები მოვიკრიბეთ და საბოლოოდ ყველაფერი გამოვიდა.

სულ 300 ცალი სუნამო დავამზადეთ, თითო შეფუთვაში 3 სუნამოა, მათი გაყიდვა მომდევნო კვირაშიც მოხდება, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის ძალიან გვინდა ჩვენი პროდუქცია, მთელს მსოფლიოში გაიცნონ", - ამბობს ნინო ლომიძე.