Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართველი ემიგრანტები ფულად გზავნილებზე საკომისიო ტარიფების შემცირებას ითხოვენ

56b5f360ce71f
BM.GE
06.02.16 17:16
1173
საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სესხების გაცემა, საკომისიო ტარიფების შემცირება ფულად გზავნილებზე, ნივთების განბაჟება, - როგორ აპირებს სახელმწიფო ამ პრობლემების მოგვარებას და რა იცვლება ქართველი ემიგრანტებისთვის, - თემაზე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრობს.
 
- ბატონო ზაალ, რა დროს მოითხოვს პრობლემატიკის დამუშავება და რამდენად აქტიურად არიან პროცესში საერთაშორისო უწყებები ჩართული?

- დამუშავებისას, ჩვენ პირველ რიგში პრიორიტეტულ პრობლემებს მივაქციეთ ყურადღება. უპირველესი და უმთავრესი ეს არის გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხი, რომელიც ფინანსურ საკითხთან არის დაკავშირებული. დაახლოებით 3000 ევრომდე ჯდება გადმოსვენება. მართალია, ამ მხრივ დღევანდელი მთავრობის მიერ გარკვეული ნაბიჯი გადაიდგა და გარკვეული კატეგორიის ადამიანების დაფინანსება მოხდა, მაგრამ ეს საკითხი დიასპორაში ისევ აქტუალურია.

ლეგალური სტატუსის მქონე ჩვენ თანამოქალაქეებს გარკვეული პრობლემები აქვთ თანხის გადმორიცხვასთან დაკავშირებით, რათა ეს თანხა ბიზნეს საქმიანობაში მოხვდეს. გარკვეული პრობლემებია საბანკო სექტორთან. ემიგრანტები ტარიფების შემცირებას და გარკვეული ადმინისტრირების მოგვარებას ითხოვენ. ასევე, პრობლემაა სტაჟის აღიარების საკითხი. ისინი მუშაობენ და გარკვეული სტაჟი უგროვდებათ რაც საპენსიო ელემენტთან არის დაკავშირებული, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს დაგროვების საპენსიო სისტემა.

- რატომ არ გადაიდგა აქამდე ნაბიჯები და ამ პრობლემებზე დღეს რატომ იწყებთ მუშაობას?

- პირველ რიგში, პრობლემების იდენტიფიკაცია იყო. მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ უშუალოდ ჩასულიყო და ადგილზე გასცნობოდა მოქალაქეების პრობლემებს. შეხვედრების დროს უკვე იდენტიფიკაცია და პრობლემების გამოკვეთა მოხდა.

- საბანკო სექტორი ახსენეთ, რამდენად არიან კომერციული ბანკები ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართული?

- საბერძნეთიდან გადმორიცხვებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო. ამ კუთხით, ჩვენ საქართველოს ბანკების ასოციაციასთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. პირადად ვიყავი ამ შეხვედრაზე და მათი გზავნილები დიასპორაში ჩავიტანე და ეს საკითხები გარკვეულწილად დარეგულირდა. ეს კი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მათთან უფრო ნაყოფიერად გაგრძელდეს ურთიერთობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბანკები კერძო სამართლის სუბიექტები არიან, და შესაბამისად მოგებაზე არიან ორიენტირებული.

- საკომისიო ტარიფების მიმართულებით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს?

- ამ კუთხით, სამუშაო შეხვედრას ვგეგმავთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს ბანკების ასოციაციასთან, რათა კონკრეტულად იყოს განსაზღვრული და დიასპორას კონკრეტული მესიჯები დაუბრუნდეს. ამანათებთან დაკავშირებით ძირითადი პრობლემა საქართველოს ფოსტასთან მიმართებაში იყო. საქმე ეხება დაგვიანებულ, დაზიანებულ დაკარგულ ამანათებს. შეხვედრას საქართველოს ფოსტის წარმომადგენელიც ესწრებოდა. ჩვენ ეს პრობლემატიკა გადავეცით და უახლოეს მომავალში, სამუშაო შეხვედრა შედგება.