Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრეზიდენტი მთავრობას ეკონომიკური რესურსის სრულყოფილად ათვისებისაკენ მოუწოდებს

56b1d93cd086b
BM.GE
03.02.16 14:39
990
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური რესურსის სრულყოფილად ათვისებისათვის მუშაობის გააქტიურებისაკენ მოუწოდებს.
 
როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილა საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები როგორც ჩინეთთან, ასევე შეერთებულ შტატებთან, რაც მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ჩვენ გააქტიურებას საჭიროებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სრულად არ არის გამოყენებული ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება - "უნდა დადგინდეს საქართველოს შედარებითი უპირატესობები ევროპის ქვეყნებთან და მის სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, გამოიკვეთოს კონკურენტუნარიანი დარგები".

"ტრანზიტული, ენერგეტიკული, ტურიზმის, სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი ბუნებისგან გვაქვს ბოძებული, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის მოვიცლით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, უფრო აქტიურად უნდა ავითვისოთ ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა - სატრანზიტო ფუნქცია.
 
"აუცილებელია მეტი ინფრასტრუქტურული ინიციატივა და ლოჯისტიკურ პროექტებში საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტების აქტიური ჩართვა, ლოჯისტიკური და სასაწყობე კომპანიების მეტი ხელშეწყობა.

ამ მიმართულებით ჩვენ მზარდი პოტენციალი გაგვაჩნია - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გზსადენი, TANAP, TAP, აბრეშუმის გზა, ტრანსრეგიონულ თანამშრომლობას ისეთი პროექტები, როგორიცაა ტრანსკასპიური გაზსადენი და “ლაპის ლაზურის” სატრანპორტო პროექტები - უმნიშვნელოვანესი და მაქსიმალურად ასათვისებელი პოტენციალია. ამ შესაძლებლობებს ემატება რეგიონში ირანის ახალი ეკონომიკური პერსპექტივის გახსნა სპარსეთის ყურისა და ევროპის თანამშრომლობისათვის, ამ ინიციატივების რეალიზაციაშიც საქართველოს საკვანძო როლი ენიჭება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა ასევე გულისხმობს სოფლის მეურნეობის წახალისებას, მისი ბიზნესად ჩამოყალიბების მიმართულებით. მნიშვნელოვანია ურბანიზაციის ჯანსაღი პროცესის სტიმულირება, მიწის ბაზრის სწორი განვითარება. ინფრასტრუქტურის განვითარებას ტურიზმის ხელშესაწყობად, სატრანსპორტო არტერიების გასწვრივ სასაწყობე და ლოჯისტიკური პროექტების ხელშეწყობას. ყველა იმ პროექტის უსწრაფეს დაძვრას, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ზრდის დოვლათს. "ეკონომიკური ზრდა უნდა განვიხილოთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. ერთი მხრივ ეკონომიკური განვითარება, მეორე მხრივ კი ეკოლოგიისა და კულტურის დაცვა არასდროს ქმნიან დაუძლეველ დილემას. ჩვენი ბუნებისა თუ კულტურული სივრცის დეგრადირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ ყოველი ახალი საინვესტიციო წინადადება აკმაყოფილებდეს საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტებს გარემოსა და კულტურული მემკვიდეობის დაცვის სფეროში“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

"უნდა დავხვეწოთ საბიუჯეტო სახსრების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება, მათ შორის სოციალური მხარდაჭერის დიფერენცირების გზით, უნდა განვავითაროთ სოციალური ინფორმაციის მენეჯმენტის სისტემა, გავაგრძელოთ საპენსიო რეფორმა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.